ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა ასოციაცია „ატუმ“ თბილისის არქიტექტურის სამსახურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მშრალი ხიდისა და საარბრუკენის ხიდის, ასევე იუსტიციის სახლის მიმდებარედ არსებული ტერიტორიის განვითარების პროექტი წარუდგინა.
პროექტი დაახლოებით 4 078 კვადრატული მეტრის ფართობის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ცენტრის მოწყობას ითვალისწინებს. საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ობიექტის ძირითადი ფუნქცია კაფე-რესტორანი იქნება, რომელსაც რეკრეაციული და საზოგადოებრივი სივრცეები დაემატება.
პროექტით გათვალისწინებული ობიექტის განაშენიანების ფართობი 18 921 კვადრატულ მეტრამდე იქნება.
არქიტექტურის სამსახურისთვის წარდგენილ განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ შენობის კონცეფცია მდინარის სანაპიროს ლანდშაფტთან ინტეგრაციას ეფუძნება. ავტორების შეფასებით, ნაგებობას დინამიკური და ორგანული ფორმა ექნება, რომელიც მდინარის მოძრაობის ვიზუალურ ასოციაციას შექმნის.
პროექტში გათვალისწინებულია რესტორნის სივრცეები, ღია ტერასები, გამწვანებული ზონები, მოსასვენებელი სივრცეები და სასეირნო ბილიკები. ასევე დაგეგმილია მდინარის მიმართულებით პანორამული ხედების გახსნა.
ტერიტორიის არსებული ფუნქციური ზონირება პროექტის სრულად განხორციელებისთვის საკმარისი არ არის. ამჟამად მიწის ნაკვეთი რეკრეაციული ზონა-2-ისა და სატრანსპორტო ზონა-1-ის ფარგლებშია მოქცეული. შესაბამისად, პროექტით მოთხოვნილია იმ ნაწილის ფუნქციური ზონის ცვლილება, სადაც საზოგადოებრივ-საქმიანი დანიშნულების ობიექტის განთავსებაა დაგეგმილი.
ამასთან, საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, სატრანსპორტო ზონა-1 უცვლელი დარჩება და მასზე ფუნქციური ტრანსფორმაცია ან სხვა ტიპის ჩარევა არ იგეგმება.
პროექტის ავტორების განცხადებით, ახალი ობიექტის მიზანი სანაპირო სივრცის გააქტიურება, ტერიტორიის ურბანული განვითარება და საზოგადოებრივი და ტურისტული ფუნქციების გაძლიერებაა.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ასოციაცია „ატუ“ აღნიშნულ მტკვრისპირა უძრავ ქონებას 2008 წლიდან ფლობს.
პროექტის რენდერები



