ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, დავით მჭედლიძის განცხადებით, BARTA-ს კონკურსი კარგი კომპანიების გამოვლენის ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
როგორც მან „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა, დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი კომპანია იაზრებს, რომ ანგარიშგება პარტნიორთა ნდობის მოპოვების კარგი საშუალებაა, რაც სამომავლოდ ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება.
„8-წლიანი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე აღვნიშნავ, რომ წელს სამსახურის 10 წლის იუბილეც გვაქვს. ორივე ერთ მიზანს ვემსახურებით - ეს რეფორმაც და ანგარიშგებების გამჭვირვალობისა და ხარისხის ზრდაც. ამ წლების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა მაინც თავად კომპანიების დამოკიდებულებაა ამ ანგარიშგებების მიმართ. სულ უფრო მეტი კომპანია იაზრებს, რომ ანგარიშგება კარგი საშუალებაა პარტნიორთა ნდობის მოსაპოვებლად, რაც ბიზნესის განვითარებაში დაეხმარება. BARTA კარგი კომპანიების გამოვლენის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. იმედი გვაქვს, წელსაც ამ კონკურსში ბევრი მნიშვნელოვანი და წარმატებული კომპანია მიიღებს მონაწილეობას“, - განაცხადა მჭედლიძემ.
მან ასევე ისაუბრა იმაზე, თუ რას აფასებს ჟიური ყველაზე მეტად. დავით მჭედლიძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ანგარიშგება სტანდარტის მიხედვით იყოს მომზადებული, რაც, თავის მხრივ, შედარების შესაძლებლობასაც უზრუნველყოფს.
„მკითხველისთვის უფრო მარტივია სხვადასხვა ანგარიშგების შედარება. ხარისხიანი ანგარიშგება იმით გამოირჩევა, რომ მარტივი ენითა და გასაგებად უხსნის მკითხველს კომპანიის წარმატებებისა და რისკების შესახებ. ის არა მხოლოდ წარმატებებს, არამედ გამოწვევებსაც უნდა ასახავდეს. ეს მკითხველს, პოტენციურ ინვესტორს, საშუალებას აძლევს, ანგარიშგების გაცნობის შემდეგ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს და სარგებელი ნახოს“,- განაცხადა დავით მჭედლიძემ.
გარდა ამისა, მან კონკურსის ფარგლებში მცირე და საშუალო კომპანიებისთვის ფინანსური და არაფინანსური კატეგორიების გამიჯვნის მნიშვნელობაც შეაფასა და დასძინა, რომ კონკურსისთვის ეს სიახლე ძალიან კარგია.
„ვფიქრობ, ეს კომპანიები სხვადასხვა სექტორში ოპერირებენ და უფრო სამართლიანი იქნება, მათი რესურსებისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ორი კატეგორია გაიმიჯნოს. ვფიქრობ, ეს არაფინანსური სექტორის წარმომადგენლებისთვის კონკურსში მონაწილეობას უფრო საინტერესოს გახდის და მათი გამარჯვების შანსიც გაიზრდება. ამ ორი კატეგორიის გამიჯვნა მათ მეტ მოტივაციას მისცემს, ვინაიდან განსხვავებულია რისკები, სექტორები და ანგარიშგებების სპეციფიკა. მნიშვნელოვანია, კომპანიები განსხვავებულ კატეგორიებში შეფასდნენ“, - განაცხადა დავით მჭედლიძემ.
შეგახსენებთ, BARTA 2019 წელს ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობისა და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაარსდა. BARTA-2026 მხარდაჭერილია მსოფლიო ბანკის ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტისა და მდგრადობის ანგარიშგების (EAASURE) რეგიონალური პროგრამის მიერ, რომელსაც ფინანსური და მდგრადობის ანგარიშგების რეფორმების ცენტრი (CFRR) ახორციელებს.