აზარტული თამაშების მიმართ სახელმწიფომ 2022 წლიდან მიდგომა გაამკაცრა. მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 21-დან 25 წლამდე გაიზარდა.

სოცდაუცველებსა და საჯარო სამსახურში დასაქმებულებს თამაში აეკრძალათ, აიკრძალა რეკლამირებაც.

2024-2025 წლებში სექტორს საგადასახადო ტვირთიც გაეზარდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შეზღუდვების ამოქმედების შემდეგ, ზრდის ტემპი შემცირდა, თუმცა ბრუნვა მაინც მნიშვნელოვნად, 41 მილიარდით გაიზარდა. იყო 48 და გახდა 89 მილიარდი.89 მლრდ ლარი ძალიან დიდი რიცხვია, მაგრამ კაზინოების მთლიანი მოგება მთლად ამხელაც არაა. ეს რიცხვი ქართულ საბანკო სექტორში არსებულ ჯამურ დეპოზიტებსაც კი აღემატება, ანუ იმ თანხას, რაც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ლარში და უცხოურ ვალუტაში ანგარიშზე უფიქსირდებათ, როგორც ვადიანi ანაბრების, ასევე მიმდინარე ანგარიშების სახით.

რომ განვმარტოთ, ეს რიცხვი, ანუ 89 მილიარდი, ბრუნვას ასახავს და არა კაზინოების მოგებას ან მოთამაშეების წაგებას.რას მოიცავს ბრუნვა? თუ პირმა 20 ლარი ჩარიცხა, მოიგო 50 ლარი, შემდეგ ეს მოგებული ფული ჩააბრუნა და 100 ლარი მოიგო, დადო ის მოგებული 100 ლარიც და წააგო. მისთვის ზარალი 20 ლარი იქნება, თამაშის დასრულების შემდეგ იმაზე 20 ლარით ნაკლები ექნება ვიდრე მის დაწყებამდე ჰქონდა, მაგრამ ბუღალტრულად ბრუნვა 170 ლარი გამოვა (20+50+100=170).2024 წელს, სექტორის 6 უმსხვილესი მოთამაშის (კრისტალბეთი, აჭარაბეთი, კროკობეთი, ლიდერბეთი, ევროპაბეთი და ბეთლაივი) წმინდა მოგებამ ₾547 მლნ შეადგინა, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდი თანხაა, მაგრამ იმ წელს დაფიქსირებულ ბრუნვასთან შედარებით 140-ჯერ ნაკლებია.

წყარო: ნეტგაზეთი