„არაფერი საერთო არ აქვს ამ კანონს გამჭვირვალობასთან“ - ასე ეხმაურება „დიოს“ დირექტორი და დამფუძნებელი თამაზ დაუშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს სოციალურ ქსელში.

მანვე აღნიშნა, რომ თუ სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორიდან დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, შეუძლია, კლიშეების დარქმევის გარეშე, საგადასახადო კოდექსში ერთი დამატებითი დეკლარაცია შემოიღოს.

„არაფერი საერთო აქვს ამ კანონს გამჭვირვალობასთან. თუ რამე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება სურს სახელმწიფოს არასამთავრობო სექტორიდან, მას შეუძლია ყოველგვარი კლიშეების დარქმევის გარეშე, საგადასახადო კოდექსში ერთი დამატებითი დეკლარაცია შემოიღოს: მაგალითად, „დეკლარაცია არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის შემოსავლების და ხარჯების შესახებ“. თუ ვინმეს მშვიდობა, დემოკრატია, განვითარება, სტაბილურობა, დეპოლარიზაცია და კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვა სურს, სწორედ ასე უნდა მოიქცეს. სხვა ყველაფერს მივყავართ დაპირისპირებამდე და ესკალაციამდე, რაც არაფერ კარგს არ უქადის ჩვენს ქვეყანას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ მომავალს“, - წერს თამაზ დაუშვილი.