ამჟამადაც, ექსპორტის მიმართულებაზე უფრო მეტად ვმუშაობთ, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ისევ კლების ტენდენცია შეინიშნება, - ამის შესახებ ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია  Lampino-ს დამფუძნებელმა, ქეთი ნოზაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სუვენირში თანხის გადახდა მომხმარებლებისთვის უკვე პრობლემას წარმოადგენს, გამომდინარე იმ ფაქტორითაც, რომ სასურსათო პროდუქცია დღითი დღე ძვირდება.

"ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები შემცირდა, თუმცა ჩვენ esty.com-ზე გადავერთეთ, რადგან საკმაოდ მზარდი მოთხოვნა იყო. ზოგადად, მცირე მეწარმეებისთვის რთული ვითარებაა. სწორედ, ამიტომ ვმუშაობ esty.com-ზე და ვაპირებ, მცირე ნაბიჯებით წინსვლას. სამომავლოდ, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, amazon-ზე მუშაობასაც, თუმცა ამ ეტაპზე esty.com ვარ ორიენტირებული", - აღნიშნა ქეთი ნოზაძემ.

მანვე აღნიშნა, რომ კომპანიის გაყიდვები საერთო ჯამში სტაბილურია და წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მკვეთრად არ გაზრდილა.

ქეთი ნოზაძის ინფორმაციით, აუცილებელია კომპანიამ მუშაობა გაფართოების მიმართულებით დაიწყოს, რადგან გლობალურ ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება.

ცნობისთვის, ხელნაკეთი სანათების მწარმოებელი კომპანია Lampino ბაზარზე 2019 წლიდან ფუნქციონირებს და თბილისში 1 ფილიალი აქვს. გარდა ამისა, Lampino-ს პროდუქცია სხვადასხვა ბრენდის მაღაზიაშიც არის წარმოდგენილი.

წყარო: ბიზნესპარტნიორი