Apple 2026 წლის მეორე ნახევარსა და 2027 წლის პირველ ნახევარში მინიმუმ ხუთი ახალი iPhone-ის გამოშვებას გეგმავს, მათ შორის კომპანიის პირველ დასაკეც სმარტფონს. ინფორმაციას გამოცემა Nikkei Asia ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 2026 წლის მეორე ნახევარში Apple-ი ფლაგმანურ iPhone Pro, iPhone Pro Max და პირველ დასაკეც iPhone-ს წარადგენს. კიდევ სულ მცირე ორი ახალი მოდელი — საბაზო iPhone 18 და ახალი iPhone Air — სავარაუდოდ, 2027 წლის პირველ ნახევარში გამოვა.

Nikkei Asia-ს ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც Apple-ის მომწოდებელია, განაცხადა, რომ iPhone 17-ის სერიაზე მოთხოვნა კვლავ მაღალია. ამასთან, კომპანიამ პარტნიორებს უკვე სთხოვა, წინასწარ დაერეზერვებინათ ჩიპებისა და სხვა კომპონენტების ნაწილი iPhone 18-ის წარმოებისთვის.

გამოცემის ინფორმაციით, Apple-მა ასევე გაზარდა დასაკეცი iPhone-ის წარმოების გეგმა. თუ რამდენიმე თვის წინ საუბარი 7-8 მილიონ მოწყობილობაზე იყო, ახლა მომწოდებლებს დაახლოებით 10 მილიონი სმარტფონის წარმოებისთვის მომზადება დაევალათ.

გარდა ამისა, კომპანია უფრო ხელმისაწვდომი iPhone-ების ხაზის განახლებასაც განიხილავს, თუმცა ამ მოდელების წარმოებისა და ბაზარზე გამოსვლის ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის.

Nikkei Asia-ს შეფასებით, 2026 კალენდარულ წელს Apple-ის მიერ წარმოებული iPhone-ების საერთო მოცულობა, არსებული და ახალი მოდელების ჩათვლით, 220 მილიონ ერთეულს გადააჭარბებს.