პურის ხორბლის (Triticum aestivum) ზუსტი წარმომავლობა ხორბლის ჯერ კიდევ საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ძალიან ახლოს არიან იმის საბოლოოდ დადგენასთან, თუ საიდან იღებს სათავეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები პროდუქტი. გენეტიკურმა კვლევებმა და უძველესმა მცენარეულმა ნარჩენებმა მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფი საქართველომდე მიიყვანა. პუბლიკაცია, რომელშიც კვლევის შედეგებს აღწერენ, Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

პურის ხორბალი მსოფლიოში ყველაზე ფართოდ მოყვანილი ხორბალია; მასზე მოდის ხორბლის წარმოებისა და მოხმარების დაახლოებით 95 პროცენტი. თანამედროვე ხორბლის გენომებზე და ველურ ბალახებზე წარსულში ჩატარებული დნმ-ის კვლევები მიუთითებდა, რომ სამხრეთ კავკასია და კასპიის ზღვის რეგიონი ის სავარაუდო ადგილია, სადაც პირველად შეერწყა ერთმანეთს მოშინაურებული ხორბალი და ეგილოფსი (Aegilops). მათი დამტვერვით წარმოიქმნა ჰიბრიდი, რომელიც საბოლოოდ პურის ხორბლად იქცა. თუმცა, ამან საქმე ვერ მოაგვარა, რადგან არ იყო აღმოჩენილი არანაირი მკაფიოდ იდენტიფიცირებადი ფიზიკური მტკიცებულება.

უძველეს მცენარეთა ნაშთების საძებნელად, მკვლევრებმა მიმართეს ქვის ხანის ორ ძეგლს საქართველოში — გადაჭრილ გორას და შულავერის გორას.

პურის ხორბლის თესლების ნამწვავების ძებნა და მათი გამორჩევა სხვა ასეთივე ტიპებისგან, მაგალითად, მაგარი ხორბლისგან (Triticum durum), სულაც არაა ადვილი საქმე, რადგან როცა დამწვარია, ორივე მათგანი ერთმანეთს ჰგავს. ამიტომ, მკვლევრები ეძებდნენ რაქისს — ღეროს პაწაწინა ნაწილს, რომლითაც მარცვლები ხორბლის თავთავზეა მიმაგრებული; ეს ნაწილი სახეობებს შორის განსხვავდება.

პურის ხორბლის რაქისის სეგმენტები მკვლევართა ჯგუფმა გამოავლინა მოხრილი გვერდებითა და თხელი კიდეებით. ღეროების მიხედვით ნაპოვნი დაფხვნილი მარცვლების რადიონახშირბადულმა დათარიღებამ აჩვენა, რომ ისინი დაახლოებით მეექვსე ათასწლეულის დასაწყისს ეკუთვნის (დაახლოებით ძვ. წ. 5800 – 6000 წწ).

„ასეთი შედეგები კრიტიკულ ემპირიულ მხარდაჭერას უწევს მოსაზრებას, რომ ეს რეგიონი არის ადრეული პურის ხორბლის დომესტიკულაციის პირველადი ცენტრი. პურის ხორბლის იდენტიფიცირება უძველესი ფენებიდან ჯდება გენეტიკური მონაცემებით შემოთავაზებულ ქრონოლოგიურ და გეოგრაფიულ ჩარჩოებში“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

სოფლის მეურნეობა და მეღვინეობა

პუბლიკაციის თანახმად, სამხრეთ კავკასიის ნეოლითური მოსახლეობა, რომელიც ამ დასახლებებში ცხოვრობდა, დახვეწილი ადრეული ფერმერები იყვნენ. ისინი, სავარაუდოდ, ცვალებადი სოფლის მეურნეობის ერთ-ერთ ფორმას მისდევდნენ — გადადიოდნენ ახალ ადგილას, როცა სოფლის გარშემო მიწა გამოიფიტებოდა. წლების შემდეგ, როცა ნიადაგი კვლავ აღდგებოდა და ნაყოფიერებას დაიბრუნებდა, ისინი შეიძლება ამ ადგილებს კვლავ დაჰბრუნებოდნენ.

პურის გარდა, სწორედ ამ ხალხმა მისცა მსოფლიოს ღვინოც. ამავე არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიური ანალიზები მიუთითებს, რომ იქ ჯერ კიდევ 8000 წლის წინ აყენებდნენ ღვინოს.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი