2022 წლის 1-ლი მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აკრძალული აქვთ 25 წლამდე ახალგაზრდებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდება ამ სიაში სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. მართალია,\ აკრძალულ პირთა სიაში დაახლოებით მილიონ-ნახევარი პირია, მაგრამ უმრავლესობა მაინც ახერხებს თამაშს.
დღეს დაახლოებით 350 000 კაცია თამაშდამოკიდებული. აზარტული თამაშების გამო არაერთმა მოქალაქემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ბევრმა ქონება დაკარგა. კანონით აკრძალვის მიუხედავად, როგორ ახერხებენ მაინც თამაშს, ამ და სხვა ბევრ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი, თამაშდამოკიდებულების საერთაშორისო ექსპერტი, სარეაბილიტაციო ცენტრ "დღე პირველის" დირექტორი და დამფუძნებელი გუგა ბესელია:
- კანონი მეტ-ნაკლებად მოქმედებს, რეკლამაც შეიზღუდა, მაგრამ მან ონლაინსივრცეში გადაინაცვლა, ინტერნეტი სავსეა სათამაშო ბიზნესის რეკლამით. შემდეგი ცვლილება შეეხო შავ სიას, ანუ თამაშდამოკიდებულებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურში საკუთარი თავი "გაიშავონ". ეს ნამდვილად პოზიტიური ამბავია, მაგრამ მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ამ სერვისის შესახებ არაფერი იცის, თუმცა ამითაც არ გვარდება პრობლემა. შეიძლება ვიყო სიაში, ექაუნთებთან წვდომა ამეკრძალოს, მაგრამ სხვისი ექაუნთით ვითამაშებ.
ასაკი 25 წლამდე ავწიეთ, მაგრამ ეს პრობლემას პირიქით ამწვავებს. მაგალითად, სარეაბილიტაციო ცენტრებში მიმართვიანობის მიხედვით, პაციენტებისა და ბენეფიციარების უმრავლესობა 25 წლამდეა. ეს ნიშნავს, რომ სანამ ეს ცვლილება ჩაეშვებოდა კანონში, მანამდე ყველა 18 წელს ზემოთ პირისთვის თამაში ხელმისაწვდომი იყო. ნებისმიერს შეეძლო თამაში, განურჩევლად ასაკისა. თერთმეტნიშნა ნებისმიერი რიცხვების კომბინაციით შეგეძლოთ შეგექმნათ ექაუნთი და გეთამაშათ. უბრალოდ, უნდა მოგეტყუებინათ საიტი, რომ 18 წელს ზემოთ ხართ. მაგალითად, 2019 წელს თბილისში მოზარდების 48%-ს ჰქონდა შემხებლობა აზარტულ თამაშებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ყველა თამაშდამოკიდებულია - ზოგს თამაშის გამოცდილება არა აქვს, ზოგი თამაშდამოკიდებულია. იმის განსაზღვრა, ვინ არის თამაშდამოკიდებული და ვინ არა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. მაშინ თითოეულს ფსიქოლოგიური ტესტი უნდა ჩაუტარდეს. ეს 48% მოიცავდა თბილისს, ჩვენი და გაეროს ბავშვთა ფონდის 2022 წლის ერთობლივი კვლევის მიხედვით კი საქართველოს მასშტაბით ეს მაჩვენებელი 31%-ს შეადგენს. კვლევამ გვაჩვენა ამ სფეროში მოქალაქეთა დაბალი ცნობიერებაც. მაგალითად, ბევრ ოჯახში თვითონ მშობელი აძლევს შესაძლებლობას შვილს, რომ ითამაშოს, რადგან მათი აღქმით, შინ, კომპიუტერთან თამაში უფრო უსაფრთხოა, ვიდრე მისი შვილის ქუჩაში ყოფნა. ბევრი თამაშდამოკიდებული მოზარდი იშვიათად მიმართავს სარეაბილიტაციო ცენტრებს, ან იმ ორგანიზაციებს, ვინც მუშაობს ამ საკითხზე. ასეთივე ცნობიერებაა მშობლებშიც. გააგრძელეთ კითხვა.