„ისთ ფოინთში“ 20 მლნ დოლარის ინვესტიციით მეორე ფაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სივრცე მოიცავს 15.000 კვ.მ კომერციულ ფართსა და დამატებით 700 საპარკინგე ადგილს, ამის შესახებ „კვადრუმ ჯორჯიას“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა თეიკო ლომინაძემ „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობის დასრულებისას, 2024 წელს, ახალი სივრცე სრულად იქნება დაკომპლექტებული სხვადასხვა ტიპის მაღაზიებითა და კვების ახალი ობიექტებით. რაც შეეხება გაფართოების გადაწყვეტილებას, როგორც თეიკო ლომინაძე ამბობს, კომპანიამ ფართებზე მოთხოვნის ზრდის გამო მიიღო.
„პროექტის იდეა თავდაპირველად 4 წლის წინ გვქონდა, მაგრამ პანდემიამ შეგვიშალა ხელი. წელს უკვე დადებითმა პროგნოზებმა მოგვცა საშუალება დაგვეწყო მშენებლობა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ახალ ბრენდებთანაც, თუმცა ჯერ კონკრეტულად რაიმე ბრენდის დასახელება არ შეგვიძლია.
„ისთ ფოინთი“ ამჟამად მოიცავს 72.000 კვ.მ-ს და აერთიანებს 250-ზე მეტ ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, აქსესუარების, ტექნიკისა და ავეჯის მაღაზიებს, კინოს, გასართობ ცენტრებსა და ჰიპერმარკეტებს, ასევე პარკინგს 3000-ზე მეტი მანქანისთვის.
მეორე ფაზის პრინციპიც ანალოგიური იქნება, იქაც თავმოყრილი იქნება, როგორც საერთაშორისო ბრენდები, ასევე კვების ობიექტები. არქიტექტურული პროექტი უკრაინულმა კომპანიამ მოამზადა“, - ამბობს თეიკო ლომინაძე.