ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება”,- ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახი კალაძე სოციალურ ქსელში წერს და მიზეზად ბათუმში მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას ასახელებს. კალაძე აღნიშნავს, რომ მძიმე წუთებში თბილისი ბათუმის გვერდით დგას..
„ტრაგედია, რომელმაც მთელი ქვეყანა გააერთიანა, ყველას საერთო ტკივილია. თბილისი არის ქალაქი, რომელმაც არაერთხელ აჩვენა გაჭირვების დროს გვერდით დგომისა და სოლიდარობის მაგალითი. დღესაც, ამ მძიმე წუთებში, თბილისი დგას ბათუმის გვერდით. ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, ღონისძიება, რომელიც სატელევიზიო ფორმატით თბილისობის აღსანიშნავად უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდება. გამოყოფილი თანხა კი გადაირიცხება ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და დაზარალებულთა დახმარების ფონდში”,- წერს კალაძე.
საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე მშენებლობა უნებართვოდ მიმდინარეობდა.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჯერ-ჯერობით მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.