შინაგან საქმეთა მინისტრი არ გამორიცხავს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი გაიზარდოს.
„ზუსტად არ ვიცით, მაგრამ შეიძლება გაიზარდოს, შეიძლება არა. თუმცა, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზას. პროკურატურამ წაუყენა ბრალი სამ პირს, თუმცა, სასამართლო გადაწყვეტს ამ ადამიანებს მიუსჯის თუ არა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
„დაველოდოთ გამოძიებას, დრო დასჭირდებათ. პირველ რიგში, უნდა გასუფთავდეს ტერიტორია, ვნახოთ რა დაზიანდა და ექსპერტებმა შეაფასონ“, - განაცხადა გომელაურმა.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.