ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს საზპგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააცნო.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მათთან ერთად, ამ საზარელ ტრაგედიას სრულიად საქართველო გლოვობს. ჩემი გადაწყვეტილებით, დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ორშაბათი, 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდება. სახელმწიფო მომხდარის შედეგად დაზარალებულებს ყველა შესაბამის დახმარებას გაუწევს. კანონის სრული სიმკაცრით დაისჯება ყველა პირი, ვისი ბრალეულობაც გამოიკვეთება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა სამი პირი და გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სამძიმრის წერილში.
მთავრობამ უკვე გამოსცა შესაბამისი განკარგულება, რომლის მიხედვით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან,12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჯერ-ჯერობით მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დანგრეული კორპუსის მიმდებარე შენობების მდგრადობას გეოლოგები შეისწავლიან. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
შსს-ის გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.