აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, გეოლოგები შეისწავლიან 26 მაისის ქუჩაზე დანგრეული კორპუსის ირგვლივ მდებარე ყველა შენობის მდგრადობას, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება. მისივე თქმით, გეოლოგები შენობების შესწავლას მას შემდეგ დაიწყებენ, რაც მაშველები სამუშაოებს დაასრულებენ.
„მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაცია. ჩვენი ინფორმაციით, ვეძებთ 3 ადამიანს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი“, - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ და დასძინა, რომ ჩამონგრეულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს. რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლები უზრუნველყოფილი იქნებიან საცხოვრებლით და ყველა სხვა საჭირო საშუალებით.
ამჟამად, ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ნანგრევებში კიდევ სამ ადამიანს ეძებენ.
შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7-სართულიანი შენობის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის ფაქტზე შსს-მ 3 პირი, მათ შორის პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრეა დააკავა. ბათუმის ტრაგედიის გამო დასაკავებელ პირთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ჯერ-ჯერობით მომხდარის გამო ჯერ არ გამოკითხულან.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ორი პირი დაიქირავა. ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.
წყარო: ინტერპრესნიუსი