geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:22
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება - „საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესი შემცირდება"
2017-05-17 09:30:16
+
-

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა, ქვეყანას 1,4 მილიარდი მომხმარებლის ბაზარი გაეხსნა. მთავრობა ამ ფაქტს „ისტორიულს" უწოდებს, ეკონომისტების ერთი ნაწილი კი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას პესიმისტურად უყურებს და საქართველოში ჩინური პროდუქციის ექსპანსიაზე საუბრობს.

 


ჩინეთში ქართული პროდუქციის ექსპორტი მართალია, ბოლო წლების განმავლობაში იზრდება, თუმცა ამის პარალელურად მატულობს იმპორტის მოცულობაც. შესაბამისად, ჩინეთ-საქართველოს სავაჭრო ურთიერთობაში უარყოფითი სალდო საგრძნობლად მაღალია.

 


სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2016 წელს საქართველო-ჩინეთს შორის საგარეო ვაჭრობამ 717,090 მლნ დოლარი შეადგინა. აქედან ექსპორტზე გავიდა 169,586 მლნ დოლარის პროდუქცია, ჩინეთიდან კი 547,503 მლნ დოლარის შემოვიდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 377,916 მლნ დოლარი შეადგინა, რაც ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვის 52,7%-ია.

 

2017 წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ექსპორტზე 49,384 მლნ დოლარის პროდუქცია გავიდა, იქიდან კი 126,512 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსმა კი 43,8% შეადგინა.

 

როგორც ამ ციფრებიდან ჩანს, საქართველო-ჩინეთს შორის ექსპორტ-იმპორტის თანაფარდობა არც ისე სახარბიელოა. ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ახალი ეტაპის სრულად ამოქმედების შემდეგ, გამორიცხული არ არის, რომ ექსპორტ-იმპორტს შორის თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ამას არც ეკონომისტები გამორიცხავენ.

 

ეკონომისტის გია ხუხაშვილის განცხადებით, საქართველოს გეოპოლიტიკური ფუნქციიდან გამომდინარე, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების დადება მისასალმებელია და გარკვეულ სტრატეგიულ შესაძლებლობებს აჩენს.

 

„რაც შეეხება კონკრეტულ ეკონომიკურ ეფექტს, დღევანდელი გადმოსახედიდან რისკებს ვხედავ. მსგავსი ხელშეკრულებები ყოველთვის ორმხრივია. როდესაც მხარეების ეკონომიკური განვითარება არათანაბარია, ის მხარე, რომელსაც განვითარება დაბალი აქვს, შესაძლოა, დაზარალდეს. ამ შემთხვევაში უფრო მოწყვლადი გავხდებით, ანუ ჩვენი ეკონომიკა ჩინური პროდუქტით კიდევ უფრო გაჯერდება და ჩვენ ამის დასაბალანსებლად არანაირი რეალური ინსტრუმენტები არ გვექნება. საექსპორტო პროდუქცა იმ რაოდენობის არ გვაქვს, რაც ჩინეთს. ასე რომ, ჩინური პროდუქციის ექსპანსია გარდაუვალია.

 

უფრო მეტიც, ეს შეთანხება ჩვენთვის შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგების მომტანი აღმოჩნდეს. ჩვენი ეკონომიკა დღეს ყალიბდება. ქვეყანა ინვესტორისთვის რომ საინტერესო გახდეს, ეკონომიკის რეალური სექტორს განვითარებას სჭირდება. ამისთვის კონკურენტუნარიანი პროდუქციის განთავსებაა საჭირო. თუ ჩვენ ჩინურ პროდუქციას ასეთ პრივილეგირებულ რეჟიმში შემოვუშვებთ, ინვესტორისთვის მიმზიდველობას დავკარგავთ. ინვესტორმა რაც უნდა აწარმოოს, მისი პროდუქცია ჩინურ პროდუქტთან კონკურენციის გამო, წინასწარ განწირული იქნება. მთავარი რისკი ეს არის, რომ ამ ხელშეკრულებით, საქართველოს მიმართ საინვესტიციო ინტერესი შემცირდება და ეს შესაძლოა, გახდეს საფუძველი იმის, რომ ეკონომიკის რეალური სექტორი ვერასდროს ავაშენოთ", - განაცხადა „კომერსანტთან" საუბრისას ხუხაშვილმა

 

მისივე თქმით, სტრატეგიულად ეს ყველაფერი სწორად რომ დაგველაგებინა, შესაძლებელი იყო, ჩინეთი საქართველოში რეალურ სექტორში ინვესტირებით დაგვეინტერესებინა, რათა შემდგომ ჩვენი ქვეყანა ექსპორტის ინსტრუმენტი გამხდარიყო აღმოსავლეთ ევროპის და თუნდაც, რუსეთის ბაზრებისთვის. „მაგრამ ამ ხელშეკრულებით ჩინეთს ვაჭრობაში პრივილეგია მივანიჭეთ. ამის შემდეგ მას დიდი ინტერესი არ ექნება, რომ რეალურ სექტორში ინვესტიცია ჩადოს. ჩინეთს ბევრი ევროპული ქვეყანა ამ ტიპის ხელშეკრულებაზე ხელს არ უწერს. მიზეზი მარტივია - ჩინურ პროდუქტთან კონკურენცია ძნელია და ადგილობრივ ეკონომიკურ სექტორს ანგრევს. ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ ამ საფრთხეზე გვეფიქრა, ერთჯერადი, პოპულისტური პიარის გამო, ყოველგვარი რისკების შეფასების გარეშე, მზად ვართ, ასეთ დიდი რისკზე წავიდეთ", - დასძინა ხუხაშვილმა.

 

განსხვავებული მოსაზრება აქვს ეკონომისტს პაატა შეშელიძეს. მისი თქმით, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მთელ მსოფლიოსთან დიდი ხანია ხელი მოწერილი აქვს. ჩვენი ბაზარი ყველა ქვეყნის პროდუქციისთვის ღიაა და ამ პროდუქციის 88% ნულოვანი განაკვეთით იბეგრება, დანარჩენი - 12%-იანი განაკვეთით.

 


„რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რა გავა ექსპორტზე და გვაქვს თუ არა პოტენციალი, ამას წინასწარ ვერ გავთვლით და არც აქვს მნიშვნელობა. ერთგვარი ფანჯარა უკვე გაიხსნა და მომავალში გამოჩნდებიან ნიჭიერი ადამიანები. მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი პროდუქციის გასასაღებლად ახალ ასპარეზზე გავიდნენ. ამას ვინ როგორ გამოიყენებს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. თუ ვინმე შესძლებლობას ვერ გამოიყენებს, ესე იგი განათლების პრობლემა გვაქვს, ამბიციები გვაქვს არასწორად განვითარებული და ა.შ. მთავრობის მხრიდან აუცილებლად გასაკეთებელი იყო ფანჯრის გახსნა და ეს გაკეთდა", - განუცხადა „კომერსანტს" შეშელიძემ.

 

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი