ევროკომისიამ „TikTok Lite-ის“ წინააღმდეგ კიდევ ერთი გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება აპლიკაცია „ტიკ-ტოკ ლაითის“ დაჯილდოების სისტემას. როგორც ევროკომისარი ტიერი ბრეტონი ამბობს, ამ ფუნქციას შეუძლია, დამოკიდებულება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში.

„TikTok Lite-ის“ დაჯილდოების პროგრამა საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, სხვადასხვა დავალების შესრულების სანაცვლოდ, ქულები დააგროვონ. ამ დავალებებს შორის არის ვიდეოს ნახვა, სხვადასხვა გვერდის მოწონება და მეგობრების მოზიდვა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს სისტემა საფრთხეების დეტალური შეფასების გარეშე ამოქმედდა. კერძოდ, ასეთ საფრთხეებად დასახელებულია პლატფორმაზე დამოკიდებულების ზრდა.

ევროკომისიამ „TikTok Lite-ს“ აპლიკაციის რისკების შეფასების ანგარიშის წარდგენა 17 აპრილს მოსთხოვა, თუმცა კომპანიამ ის დადგენილ ვადაში არ წარადგინა. ახლა „TikTok-ს“ ამ დოკუმენტის წარდგენისთვის ვადა 3 მაისამდე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ევროკომისიას პლატფორმის დაჯარიმება ან „TikTok Lite-ის“ ევროკავშირის ტერიტორიაზე აკრძალვა შეუძლია.