geo eng rus
ოთხშაბათი, 28 ივნისი, 2017. 09:22
ფულზე ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო შემცირდება - საწესდებო კაპიტალის გაზრდა მიკროსაფინანსოებსაც მოუწევთ
2017-05-10 09:30:37
+
-

კომერციული ბანკებისთვის მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის განსაზღვრის  შემდეგ საწესდებო კაპიტალის გაზრდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვისაც იგეგმება. „კომერსანტის" ინფორმაციით, თუ ამ ეტაპზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საწესდებო კაპიტალი 250 000 ლარს შეადგენს, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, აღნიშნული ზღვარის გაზრდა 1-დან 5 მილიონი ლარის ფარგლებში იგეგმება.


მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციების წარმომადგენელი იური ლებანიძე „კომერსანტთან" საუბრისას ადასტურებს საწესდებო კაპიტალის შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებს,რომ ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. სხვა დეტალებზე ლებანიძე ვერ საუბრობს იქიდან გამომდინარე, რომ ასოციაცია პროცესში ჩართული არ არის და შესაბამისად, დამატებით დეტალებს არ ფლობს.


კითხვაზე, რაც გამოიწვევს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საწესდებო კაპიტალის ზრდა, ლებანიძე განმარტავს,რომ ამაზე საუბრი ამ დროისთვის რთულია, რადგან მისთვის უცნობია როგორც დეტალები, ასევე ის, შევა თუ არა  ცვლილებათა ეს პაკეტი ძალაში შევა. ლებანიძე ზოგადი კომენტარით შემოიფარგლება და აცხადებს, რომ თუ საწესდებო კაპიტალი გაიზრდა, ეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გამსხვილებას გამოიწვევს.


საბანკო პროდუქტების ექსპერტი დავით კიკვიძე განმარტავს, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის ეს რთული პროცესი იქნება, რადგან ყველას არ ექნება იმის საშუალება, რომ გაზრდილი საწესდებო კაპიტალის მოთხოვნა დააკმაყოფილონ. „თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში 90-მდე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა და მათი უმრავლესობა საშუალო და წვრილი სიდიდისაა,ასეთ ორგანიზაციებს ძალიან გაუჭირდებათ. ზოგს მოუწევს კაპიტალის შერწყმა სხვადასხვა ორგანიზაციებთან, რათა აღნიშნული მოთხოვნა დააკმაყოფილონ ან გაუქმდება და ბაზრიდან გავა"-აცხადებს კიკვიძე.


მისი განმარტებით, ეს არ იქნება პოზიტიური მოვლენა, რადგან ბაზარზე გაართულებს კონკურენციას და ოპერირებას შეზღუდავს. როგორც კიკვიძე აცხადებს, აღნიშნული რეგულაციის დაწესება მიკროსაფონანსო სექტორისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნება.


კიკვიძის განმარტებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის საწესდებო კაპიტალის გაზრდა ფულზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს. „მთავრობამ ონლაინ სესხების ბაზარი ფაქტობრივად, მოკლა, ძალიან ბევრი ორგანიზაცია გაკოტრების პირასაა. ამან კი ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა შეამცირა. მიკროსაფინანსო სექტორზეც თუ გავრცელდა რეგულაცია, ესეც თავისთავად შეზღუდავს ბაზარს და ხელმისაწვდომობას შემაცირებს. საბოლოოდ გამოდის, რომ საქართველოში საბანკო სექტორზე მორგებული რეგულაცია გვექნება"-აცხადებს კიკვიძე.


ეროვნული ბანკის მონაცემებით, 25 თებერვლის მდგომარეობით საქართველოში 84 მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა.



 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი