Jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა იზრდება. PMCG კვლევითი ცენტრის დასაქმების თრექერის მიხედვით, ბოლო 6 თვეში (2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით) 40 913 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც 2022- 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3%-ით მეტია.

მხოლოდ მარტში jobs.ge-ზე 7 495 ვაკანსია გამოქვეყნდა, რაც თებერვლის მაჩვენებელზე 7.6%-ით მეტია.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შემცირდა. PMCG კვლევითი ცენტრის მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიურმა ზრდამ 5.2% შეადგინა, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.7 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

PMCG-ის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით:

  • 9 761 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაციის/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2022-2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია;
  • 6.9%-ით მეტი, 7 536 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების/სტატისტიკის კატეგორიაში;
  • გაყიდვების/შესყიდვების კატეგორიაში ვაკანსიები 2.3%-ით შემცირდა და 10 408 შეადგინა.