geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:47
"რეზონანსი": გენგეგმამ თბილისთან მდებარე სოფლების საკითხიც უნდა მოაგვაროს
2017-04-21 18:50:30
+
-

თბილისის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. მაისის ბოლოს მასშტაბური დოკუმენტის მხოლოდ პირველადი ვარიანტი იქნება მზად. იგი არა მარტო დედაქალაქში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს ითვალისწინებს, არამედ თბილისზე შემოერთებული სოფლების პრობლემებსაც გადაჭრის. რა თანხა იქნება საჭირო გენერალური გეგმის განსახორციელებლად, ჯერჯერობით უცნობია. პროექტის ხელმძღვანელები გეგმის განხილვის დასრულებას ელოდებიან.

 

თბილისის გენერალური გეგმის ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ურბანისტმა მერაბ ბოლქვაძემ "რეზონანსთან" იმ ვალდებულებებსა და პრობლემებზე ისაუბრა, რაც დედაქალაქში სამომავლოდ აუცილებლად უნდა მოგვარდეს. მისი თქმით, ქალაქის უბნების დიდი ნაწილი პრობლემურია და სპეციალისტებთან ერთად, მოსახლეობაც აქტიურად არის ჩართული გეგმის საბოლოო სახის ჩამოყალიბებაში.


– რას ითვალისწინებს თბილისის გენერალური გეგმა,რა არის მისი ძირითადი საკითხები?

 


– გეგმაში ასახულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ეხება ქალაქის კომპაქტურობის დაცვას. ამის პარალელურად სტრატეგიულ მიზნებში შედის, შიგა საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება. ცალკე მიმართულებაა ქალაქის პოლიცენტრული განვითარება, რის შემდეგაც ცენტრი განიტვირთება. მნიშვნელოვანია იმ გაჩერებული საწარმოების რეორიენტაცია, რომლის სიმრავლეც ნამდვილად შეინიშნება ქალაქში.

 


გენერალური გეგმა უნდა დაეხმაროს გარემოს დაცვის სტრატეგიის განხორციელებასაც, მათ შორის, მწვანე რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის ლანდშაფტის შენარჩუნებაც.

 

 

– როდის დაიწყება თბილისის გენერალური გეგმის განხორციელება?

 


– მაისის დასაწყისში უნდა ჩავაბაროთ მერიას მასალები. ამის შემდეგ იქნება რამდენიმეთვიანი განხილვა. ასეთ დოკუმენტებზე მუშაობის დროს აუცილებელია მოქალაქეებისა და სპეციალისტების ჩართვა, ისინი აქედანვე აქტიურად არიან ჩაბმულნი მიმდინარე პროექტში.

 

ჩვენ ახლაც ვხვდებით ხალხს, მათ შორის, სამგორის, დიდუბის, მთაწმინდისა და სხვა უბნების მოსახლეობას. ზოგ შემთხვევაში ისეთ პრობლემებს აყენებენ, რასაც გენგეგმა არ ითვალისწინებს, თუმცა არის საკითხები, რომელიც გადაუდებელია და აუცილებლად სჭირდება ყურადღება. მაგალითად, ზოგიერთი რაიონის მცხოვრებლები პარკირების პრობლემაზე საუბრობენ, არის გამწვანებული და სპორტული სივრცეების სიმცირეც. ზოგ რაიონს აქვს კანალიზაციის პრობლემა, რაც ნამდვილად კატასტროფაა.

 

ამას გარდა, თბილისში შედის შემოერთებული სოფლები, რაც განხილვას ექვემდებარება. იქ დასაცავია სასოფლო-სამეურნეო მიწები, რომელიც სჭირდება სოფლებს. ზოგიერთ დასახლებას აკლია სკოლა და საბავშვო ბაღიც. ზოგან მიმდინარეობს მათი მშენებლობა, მაგრამ გენერალურმა გეგმამ ესეც უნდა გაითვალისწინოს და ვიზრუნოთ თბილისის შემოერთებულ დასახლებებზე.

 

– როდის დასრულდება გენერალური გეგმის განხილვა?

 


– 2-3 თვე გასტანს მისი დამუშავების პერიოდი. ამ დროს არსებული ნებისმიერი შენიშვნის გათვალისწინება უნდა მოხდეს. როდესაც მას საკრებულო დაამტკიცებს, ქალაქმა უნდა დაიწყოს ამ გეგმის განხორციელება. იქ შედის როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სამუშაოები.

 

 

– რა თანხა დასჭირდება თბილისის გენგეგმის განხორციელებას?

 


– ჯერ უცნობია თუ რა ფინანსები დაიხარჯება მასშტაბური პროექტის განხორციელებისათვის. პირველ რიგში, აუცილებელია განაშენიანების რეგულირების სქემის შედგენა, ცალკეულ ტერიტორიებზე საცხოვრებელი გარემო რომ უფრო არ გაუარესდეს. ამ ყველაფერს რეგულირების გეგმა სჭირდება და გაწერილია კიდეც პროექტში. სათანადო მსჯელობის შემდეგ გადაწყდება იმ ფინანსური ხარჯის რაოდენობა, რაც პროექტის განსახორციელებლად იქნება საჭირო.