geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:29
პრემიერი რუსეთთან ურთიერთობასა და უსაფრთხოებაზე
2017-04-20 12:20:55
+
-

„რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მეოთხე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

ფორუმზე, რომელიც საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთბების კვლევის ფონდისა და სტრატეგიული პოლიტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით იმართება, პრემიერმა ისაუბრა საქართველოს როლზე რეგიონულ და გლობალურ პოლიტიკაში. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო რეგიონის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო ინტერესის გზაგასაყარზეა და სწორედ ეს აქცევს მას სანდო პარტნიორად მეზობლებისა და იმ ქვეყნებისთის, რომელთან ერთადაც უსაფრთხოების სისტემებს ვაშენებთ.

 

„ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ მე ვაანალიზებ ჩვენი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას. საქართველო რეგიონსა და ამ სისტემაში დასავლეთის ინტერესების მთავარი დასაყრდენია. ამავდროულად, ჩვენ მოწადინებული ვართ, უზრუნველვყოთ და წვლილი შევიტანოთ ჩვენს აღმოსავლეთ და სამხრეთით განლაგებული ქვეყნების წარმატებაში. სწორედ ამ განწყობით ვუყურებთ რეგიონულ დიალოგსა და კოორდინაციას - რუსეთთან დიალოგის შენარჩუნების გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ის დარწმუნდება, რომ სამხრეთ კავკასიის სტაბილურობა რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. მაგალითად, ჩვენ ტერორიზმისა და ფუნდამენტალიზმის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ბუფერულ ზონას წარმოვადგენთ. ამავდროულად, ჩვენი რეგიონის ქვეყნებმა დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ რეგიონული პრობლემების მოგვარებას და გაუმკლავდნენ უარყოფით ფაქტორებს. ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა შევქმნათ უფრო უსაფრთხო და მდიდარი რეგიონი და მოვუწოდებთ ჩვენს მეზობლებს, ამ მიზნის მიღწევაში თავიანთი წვლილი შეიტანონ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.