geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:30
წინდების ქართული ბრენდი "როუზბადი" პროდუქციის ექსპორტზე გატანისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებს
2017-04-21 10:00:53
+
-

"როუზბადი" ქართული პრემიუმ ხარისხის წინდების ახალი ბრენდია, რომელიც ანა ხაზარაძემ და კოტე გუნიამ დააფუძნა. მათ ბიზნესი საკუთარი ფინანსებით წამოიწყეს. როგორც „კომერსანტთან" საუბრისას ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი ანა ხაზარაძე აცხადებს, ერთი თვის წინ ბრენდი წარმოებაში ჩაეშვა. "როუზბადის" წინდები ბამბუკისა და ბამბისგან მზადდება. ამჟამად კომპანია საკუთარი სტენდითაა წარმოდგენილი.

 

 

"როუზბადის" შექმნის იდეა განსხვავებული პროდუქტის წარმოების სურვილმა გაგვიჩინა. უნდა შეგვექმნა ისეთი პროდუქცია, რომელიც საქართველოში წარმოებული იქნებოდა. გადავწყვიტეთ, რომ ყველაფერი ნელ-ნელა დაგვეწყო და დროთა განმავლობაში გავზრდილიყავით. ჩვენ ვიქეცით ბრენდად. ამჟამად თბილისი მოლში სტენდი გვაქვს.

 

ჩვენი პროდუქცია ორი სახის ნედლეულილსგან მზადდება, ერთი ეს ბამბუკის წინდაა, ხოლო მეორე კი დავარცხნილი ბამბა. ნედლეული თურქეთიდან ჩამოდის, ხოლო წინდების წარმოება საქართველოში ხდება." - განაცხადა ანა ხაზარაძემ.

 

 

ანა ხაზარაძემ ჩვენთან "როუზბადის" საფასო პოლიტიკასა და სხვა კომპანიებთან კონკურენციის შესახებაც ისაუბრა. როგორც ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა განაცხადა, კომპანიის სამომავლო გეგმებში კიდევ ერთი სტენდის დადგმა და წინდების უცხოეთში გატანა შედის.

 


„წინდის ფასი 15 ლარიდან 20 ლარამდე მერყეობს. ჩვენი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენ ვქმნით ქართულ ბრენდს და ვმუშაობთ მაღალ ხარისხზე.

 

რაც შეეხება ჩვენ სახელწოდებას, "როუზბად" ორსონ უელსის კინო შედევრში - "მოქალაქე კეინში" მთავარი გმირის ბავშვობის ციგას ჰქვია. თითქოს უმნიშვნელო ნივთია, მაგრამ სინამდვილეში მთავარი. სწორედ ეს ფილმი გახდა ჩვენი ინსპირაცია ბრენდის კონცეფციისთვის.

 

კომპანიის მიდგომა წინდებისადმი იმავე ასოციაციას ქმნის. ჩვენ ვამახვილებთ ყურადღებას, იმ პატარა დეტალებზე, რომლებიც მრავლის მეტყველია. სწორედ დეტალები ქმნის ჩვენს სტილს და შემდეგ სტილი გვქმნის ჩვენ.

 

სამომავლო გეგმებში კიდევ ერთი სტენდის და ახალი კოლექციის დამატება შედის, ასევე გვსურს ჩვენი წინდები სეზონზე მორგებული გახდეს და პროდუქცია შესაბამისი მასალით შევქმნათ. ამჯერად მოლაპარაკებებს უცხოეთში ვაწარმოებთ." - აღნიშნა ხაზარაძემ.

 

ავტორ(ებ)ი: ლიკა გურაბანიძე