geo eng rus
ორშაბათი, 24 აპრილი, 2017. 11:26
დავით ასლანიშვილი: "თუ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების სესხების საკითხი არ მოაგვარა, ფინანსთა სამინისტროს სამუშაო წყალში ჩაეყრება"
2017-04-18 12:00:26
+
-

ბოლო 6 თვეში პირველად ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართით 2.40-იან ნიშნულს ჩამოცდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.396 ლარი შეადგინა.აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი კურსი 2017 წლის 9 იანვარს დაფიქსირდა და 2.7674 ნიშნული შეადგინა.


რამ განაპირობა ბოლო პერიოდში ლარის კურსის ასეთი მკვეთრი გამყარება და რა პროგნოზების გაკეთების საშუალებას იძლევა მიმდინარე პროცესები, აღნიშნულ საკითხზე „კომერსანტმა" საბანკო ექსპერტები გამოკითხა.


საბანკო ექსპერტი დავით ასლანიშვილი ლარის კურის გამყარებაში მთავარ ინდიკატორად სახელმწიფო ბიუჯეტის გადაჭარბებით შესრულებას ასახელებს. მისი თქმით,ფინანსთა სამინისტრომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად, 2017 წლის 1 კვარტალში სახელმწიფო ბიუჯეტში 1 მილიარდ ლარზე მეტი შემოსავლების მიღება მოახერხა.


როგორც ასლანიშვილი განმარტავს, ფაქტობრივად, პირველი სამი თვის განმავლობაში ქვეყანას პროფიციტური ბიუჯეტი აქვს. „გადაჭარბებით შესრულებულმა ბიუჯეტმა განაპირობა ის, რომ მიმოქცევაში არსებული ლარიდან 1 მილიარდი ფინანსთა სამინისტროს ანგარიშზეა მობილიზებული. ანუ ამოვიდა მიმოქცევიდან და ფაქტობრივად, ყიდვა-გაყიდვის პროცესში (სავალუტო კურსებს შორის) არ მონაწილეობდა. ამან შეამსუბუქა ლარის რაოდენობა ბაზარზე, რამაც ლარის გამყარებას შეუწყო ხელი"-აცხადებს ასლანიშვილი.


როგორც ასლანიშვილი განმარტავს, ლარის გამყარების საფუძველი ასევე გახდა საკმაოდ კარგი ტურისტული სეზონი.


რაც შეეხება პროგნოზს, ასლანიშვილი განმარატვს, რომ მომავალ თვეებში ბიუჯეტის შესრულება ასევე პოზიტიური იქნება და ეს ავტომატურად იმოქმედებს ლარის კურსზე. თუმცა, როგორც ექსპერტი განმარატვს, მიუხედავად ამისა, თუ მხოლოდ ამის იმედზე ვიყავით და ეროვნულმა ბანკმა არ მოაგვარა პრობლემა, რომელიც ეხება მისი მხრიდან კომერციულ ბანკებზე არანორმალური რაოდენობის რეფინანსირების სეხების გაცემას, მთელი ეს სამუშაო, რომელსაც ფინანსთა სამინისტრო და საგადასახადო სამსახური სანიმუშოდ ეწევა, წყალში ჩაიყრება.


„სანამ ეროვნული ბანკი რეფინანსირების პირამიდას არ მოაგვარებს, ლარის კურსის პროგნოზს ვერავინ გააკეთებს. როდესაც არ ვიცით, რას აპირებს ეროვნული ბანკი და არც იმას ამბობს, რატომ გასცემს არანორმალურად დიდი რაოდენობის რეფინანსირების სესხებს,მანამდე პროგნოზირება და ლარის კურსზე საუბარი ზედმეტია"-აცხადებს ასლანიშვილი.

 


საქართველოს რეფორმების ასოციაციის (GRASS) ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში პროცესები პოზიტიურად შემოტრიალდა. განსაკუთრებით ეს ეხება საგარეო ფაქტორებს. ნამჩავაძის შეფასებით,სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან უკეთესი ვითარებაა, ეს კი განსაკუთრებით რუსეთს ეხება. სწრაფად მზარდია ექსპორტიც. გარდა ამისა, იზრდება ფულადი გზავნილები საზღვარგარეთიდან.ასევე გაზრდილია ტურიზმიც.



როგორც ნამჩავაძე აცხადებს, ფულის მასა ბოლო პერიოდში ერთ დონეზეა შენარჩუნებული. ასევე, შემოსავლები უფრო მეტია ვიდრე ხარჯები. მისი განცხადებით, ბიუჯეტი საგადასახადო შემოსავლების ნაწილში(საშემოსავლო გადასახადიდან,დღგ-დან) 108 პროცენტით შესრულდა.



ნამჩავაძე განმარატავს, რომ ლარი გამყარებას გააგრძელებს ამას კი ეროვნული ბანკის 12 აპრილის ქმედებაც მიუთეთებს,როდესაც მან 10 მილიონი დოლარი შეისყიდა. „ეს ნიშნავს იმას, რომ ეროვნულ ბანკს აქვს გამყარების  მოლოდინი  და ცდილობს, რომ გამყარება ნელ-ნელა ხდებოდეს. იმასაც თუ გავისთვალისწინებთ, რომ მალე ტურისტების რაოდენობა მოიმატებს, ლარი კიდევ უფრო გამყარებისკენ წავა"-აცხადებს ნამჩავაძე.

 


აღსანიშნავია, რომ 2017 წლის 12 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა კი 2.3913 შეადგინა.


 

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი