geo eng rus
ხუთშაბათი, 29 ივნისი, 2017. 02:31
5 წლიანი "სამართლიანობის" შედეგი - რატომ გაჭიანურდა იძულებით ჩამორთმეული ქონების დაბრუნების პროცესი?
2017-03-09 09:30:13
+
-

მმართველი გუნდი 2012 წელს ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა. მოგვიანებით კი,  სამართლიანობის აღდგენისა და მოქალაქეებისთვის უსამართლოდ ჩამორთმეული ქონების, ბიზნესის დაბრუნების მიზნით პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც შეიქმნა.


დეპარტამენტის შექმნიდან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებული საქმეების შედეგად, ძირითადად რამდენიმე ათეული ავტომობილი, რამდენიმე მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები და ერთი ბიზნესი - ღვინის ქარხანა „აკურა" დაუბრუნდა მფლობელს.რამდენიმე დღის წინ კი  რუსთავი 2-ის ქონება დაუბრუნდა მის მფლობელებს, თუმცა დღევანდელმა მეპატრონეებმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრეს, ამ უკანასკნელმა კი უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება უვადოდ გააჩერა. 


დღეს, „ქართული ოცნების" დაპირებიდან 5 წლის თავზე „კომერსანტი" დაინტერესდა, რამდენი საქმე იქნა გამოძიებული, რამდენ ქონებაჩამორთმეულ ბიზნესმენს დაუბრუნდა ქონება და რამდენად კმაყოფილია პროცესით მმართველი გუნდი?


საქართველოს მთავარ პროკურატურაში, აცხადებენ, რომ უწყებაში სპეციალური დეპარტამენტის შექმნიდან 2 წელი გავიდა, შედეგად, პროკურატურა სპეციალურ პრეზენტაცის ამზადებს,სადაც დეტალურად იქნება განმარტებული, ჯამში რამდენი ქონება და ბიზნესი დაბრუნდა და ზოგადად, რა ხდება ამ მიმართულებით. მანამდე კი "კომერსანტისთვის" ინფორმაციის მოწოდებაზე უარი განაცხადეს. "ყველაფერს დეტალურად პრეზენტაციაზე იხილავთ. ზოგადი ინფორმაცია კი პროკურატურის ვებ-გვერდზე დევს", - განუცხადეს "კომერსანტს" მთავარ პროკურატურაში.


საპარლამენტო უმრავლესობაში აღიარებენ, რომ „ქართული ოცნების" 5 წლის წინანდელი დაპირების შესრულება დამაკმაყოფილებელი არ არის, თუმცა, იმედოვნებენ, რომ ვითარება დადებითისკენ უახლოეს მომავალში შეიცვლება.


ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე განმარტავს, რომ სპეციალურად ამისათვის საქართველოს პროკურატურაში შექმნილია სამართალწარმოების დროს ჩადენილ დანაშაულებების გამოძიების დეპარტამენეტი, რომელიც კარგი იქნებოდა, თუ უფრო აქტიურად იმუშავებდა.


„თუ ვინმე კითხვას დამისვამდა, ხომ არ გაგვეზარდა პროკურორების და მოსამართლეების რაოდენობა, დიდი სიამოვნებით დავეთანხმებოდი. ვფიქრობ, რომ ის რაოდენობა, რაც არის, საკმარისი ნამდვილად არ არის. ძალიან რთულია მტკიცებულების მოპოვება წლების წინ ჩადებული დანაშაულის  შესახებ. გარდა ამისა, მტკიცების სტანდარტმა გაცილებით აიწია. საბედნიეროდ, აღარ ხდება ისე, რომ 1-2 ჩვენებით ვიღაც პასუხისგებაში ეძლეოდა. მინდა გითხრათ, რომ ამან შექმნა მეორე უხერხულობა-  პროცესი მიმდინარეობს, მაგრამ დინამიკა დამაკმაყოფილებელი და წარმატებული არ არის. ვისურვებ, რომ ეს პროცესი კიდევ უფრო ჩქარი ტემპით წავიდეს"-აცხადებს მდინარაძე.


საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, იყო რამოდენიმე გარემოება, რომელიც ამ პროცესს ხელს უშლიდა. პირველი, ეს იყო სამართლებრივი წინააღმდეგობა, რაც გამოიხატებოდა სამართლებრივი მექანიზმების სირთულეში. მისი განმარტებით, ახლადგამოვლენილ გარემოებად ითვლებოდა მხოლოდ ის, რასაც სასამართლო დაადასტურებდა. პრაქტიკა ასე იყო წარმოებული. როგორც ქუცნაშვილი განმარტავს, სასამართლოს უნდა დაედასტურებინა ახლადგამოვლენილი გარემოება. ეს უნდა გამხდარიყო ახალი სასამართლოს დაწყების საფუძველი არსებული განაჩენების გადასინჯვის სახით.


„ანუ, ჯერ ერთ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, რომ მტკიცებულება იყო ყალბი ან გამოძიება იყო წარმოებული არასწორად, ან სასამართლო იყო უმასართლოდ ჩატარებული. ეს სასამართლოს უნდა დაემტკციებინა. ეს კი ნიშნავდა იმას,რომ ამ საკითხს სამი ინსტანციის სასამართლო უნდა გაევლო და ამას წლები სჭირდებოდა. თუ სასამართლო დაადასტურებდა მტკიცებულების სიყალბეს ან რამეს მსგავსს, მხოლოდ ამის შემდეგ, ამ აქტის საფუძველზე წარმოიშვებოდა ძველი განაჩენის გადასინჯვის უფლება,რასაც ორი ინსტანცია უნდა გაევლო"-აცხადებს ქუცნაშვილი.


დეპუტატი განმარტავს, რომ სწორედ მისი ავტორობით, გასული წლის შემოდგომაზე სისხლის სამართლის კოდექსში შევიდა ცვლილება, რომლითაც ახლადგამოვლენილი გარემოებების საფუძვლების გაფართოება მოხდება. ქუცნაშვილი იმედოვნებს, რომ ეს გამარტივებული სამართლებრივი მექანიზმი პროკურატურის საპროცესო წარმოებას დააჩქარებს.


საპარტლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიგა ბუკია არ ეთანხმება შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ მცირე რაოდენობის ქონებაა დაბრუნებული. დეპუტატს ზუსტი ციფრები არ აქვს, თუმცა, იცის, რომ 25 მილიონ ლარზე მეტი ქონება დაბრუნდა.


„მოგეხსენებათ, რომ ჩამორთმევა ხდებოდა ხშირ შემთხვევაში ისე, რომ დოკუმენტაციასაც კი არ ადგენდნენ. დაბრუნების პროცესი სამართლებრივი პროცესია. ამას პროკურატურაში სწავლობს სპეციალური დეპარტამენტი,მუშაობა მიდის და ყველაფერს თავისი რესურსი გააჩნია. ერთბაშად ყველა პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება"-აცხადებს ბუკია.


მისი ინფორმაციით, მთავარია ის, რომ ქონებაჩამორთმეულ ბიზსნესმენების სიას ამ 5 წლის განმავლობაში ახალი არ მიემატა.


რთ-ერთი ქონებაჩამორთმული ბიზნესმენის, კომპანია „ალბატროსის" ხელმძღვანელი დავით ბეგიაშვლის განცხადებით, სიტუაცია არ იცვლება. „საქმეები ინსტანციიდან ინსტანციაში გადადის. ხან პროკურატურა, ხან ეკონომიკის სამინისტრო. ერთიანი აზრი არ აქვთ ჩამოყალიბებული, რაღაც სქემებს ასახელებენ, მერე ამაზე თვითონ ვერ თანხმდებიან"-აცხადებს ბეგიაშვილი.


კითხვაზე, თუ რატომ ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ წლების განმავლობაში სამართლიანობის აღდგენაა, ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამის მიზეზი ნების არარსებობაა. „ახლა, მეორე ვადით არჩევის დროსაც ეს ნება არ არსებობს. წერტილოვანი რაღაცეებია დაბრუნებული.მათ შორისაა,ავტომობილები, რამოდენიმე ნაკვეთი, კომპანია „აკურა". რუსთავი 2-ი მართლა კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა, მაგრამ, ეს საქმე იმიტომ განვითარდა ასე, რომ ეს პოლიტიზირებული პროცესი იყო და ეს ახალ ხელისუფლებას სჭირდებოდა"-აცხადებს ბეგიაშვილი.


მისი განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსში შესული ცლილება ქონებებს არ ეხება. მისი მტკიცებით,ცვლილებები ადმინისტრაციულ კოდექსში უნდა მომხდარიყო.



2015 წელს საქართველოს მთავარ პროკურატურაში განმარტავდნენენ, რომ იმ დროისთვის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ გახსნილი იყო მოქალაქეთათვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 20 დანაშაულებრივი ეპიზოდი, მხილებული იყო 15 საჯარო მოხელე და დაზარალებულად ცნობილი იყო 21 პირი, რომელთაც დაუბრუნდათ და მაშინ დაბრუნების პროცესში იყო 26 ავტომანქანა, 2 მიწის ნაკვეთი, ოქროს ნაკეთობები, რომელთა ღირებულებაც მთლიანობაში დაახლოებით 1 939 000 ლარს შეადგენდა.


მთავარ პროკურატურაში ჩამორთმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით სპეციალური სამმართველო 2015 წლის დასაწყისში შეიქმნა. ამის შესახებ ინიციატივა პირველად ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2014 წლის დეკემბერში გააჟღერა.



მისი განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი დანაპირები სწორედ სამართლიანობის აღდგენა იყო. როგორც პრემიერმა მაშინ აღნიშნა, პროკურატურამ დაასრულა ყველა საჩივრის შესწავლა, რომელიც უწყებაში ორი წლის განმავლობაში ოფიციალურად შევიდა.


ღარიბაშვილის განცხადებით, საქმე ეხებოდა უკანონოდ ჩამორთმეულ ქონებებს, ბიზნესებს, სახლებს და ასევე ათასობით იმ რეპრესირებულ ადამიანს, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ისინი უკანონოდ იხდიდნენ სასჯელს, იყვნენ მსხვერპლი არაადამიანური მოპყრობის და წამების.


პრემიერმინისტრმა ქონებაჩამორთმეულ მოქალაქეებთან დაკავშირებით განცხადება 2014 წლის 12 აგვისტოსაც გააკეთა. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში საზოგადოება შეიტყობდა რა ბედი ეწევა იმ მოქალაქეებს, „რომლებმაც დაკარგეს ქონება, ბიზნესი, სიცოცხლე". პრემიერის მაშინდელი განცხადების თანახმად, პროკურატურამ ამ ტიპის საქმეების სისტემატიზაცია მოახდინა.


მოგვიანებით უკვე გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერის რანგში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხდა, რომ ვერ შეიქმნა სისტემა, რომელიც სამართლიანობას აღადგენდა. "სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვფიქრობდით. ჩვენ მოგვიწია, უარი გვეთქვა ამ პრობლემის სისტემურად მოგვარებაზე".- განაცხადა პრემიერმა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი