geo eng rus
პარასკევი, 28 აპრილი, 2017. 06:05
საქართველოს საბანკო სექტორში ფინანსურში პრობლემები დაიწყო?!
2017-01-09 16:00:48
+
-

საქართველოს საბანკო სექტორში არსებულ ფინანსურ პრობლემებთან დაკავშირებით სპეციალისტები უკვე ღიად საუბრობენ. ეკონომიკის დოქტორი დავით ასლანიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთ ბანკს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების გაცემით ამ ბანკს მხარს უჭერს. საბანკო სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს ეკონომისტი ლია ელიავაც, მისი განცხადებით, გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი მალე გაკოტრებულად გამოცხადდეს.

 

 

არსებობს თუ არა საბანკო სექტორში ფინანსური პრობლემები და რეფინანსირების სესხების გაცემით ეხმარება თუ არა მათ ეროვნული ბანკი? ამასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრასთან" საუბრისას განცხადება დავით ასლანიშვილმა გააკეთა: „რა თქმა უნდა, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა, მაგრამ კარგი იქნებოდა სებ-ის და მთავრობის მხრიდან გამჟღავნება, მეტწილად რომელ კომერციულ ბანკზე გაიცემა რეფინანსირების სესხი. ეჭვი მაქვს, ერთ-ერთ ბანკს რთული ფინანსური პრობლემები აქვს და საკითხავია, ამის დამალვა რა საჭიროა? ვაკვირდები, რომ რეფინანსირების სესხით მოქმედი ბანკების უმეტესობა არ სარგებლობს, სარგებლობს მხოლოდ ორი-სამი მსხვილი კომერციული ინსტიტუტი და ის ბანკიც სწორედ ერთ-ერთია მათ შორის.

 

 

მართალია, ლარში­ მოგება­ ბანკებს კურსის გამო გაზრდილი აქვთ, მაგრამ წინა წლებთან შედარებით, დოლარში აქვთ შემცირებული. რაც ხდება, ერთი კონკრეტული კომერციული ინსტიტუტის ბრალია. ეყოთ ვაჟკაცობა, უკრაინის მაგალითი გაიხსენონ "პრივატბანკთან" დაკავშირებით და დაუფარავად თქვან, რაც ხდება. ისიც საკმარისია, რომ სამი წელიწადი მთელი ქვეყანა ერთი კონკრეტული პრობლემური ორგანიზაციის ვალების მომსახურებას მოვუნდით", - განაცხადა ასლანიშვილმა.

 

 

„საქართველოში მოქმედ თითქმის ყველა კომერციულ ბანკს, 3 ბანკის გარდა, სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და გამორიცხული არ არის, რომ მათი ნაწილი მალე გაკოტრებულად გამოცხადდეს", - აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას ფინანსისტი, საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა და ამის არგუმენტად კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგება მოჰყავს.

 


ელიავას განცხადებით, 2016-წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, კომერციული ბანკების ნაწილს ფინანსური პრობლემები აქვს, კერძოდ, შემცირებულია სესხებიდან მიღებული მოგება, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ ბანკი ზარალზე მუშაობს. „ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით, ბანკებს სესხებზე უნდა ჰქონოდათ ზრდა, თუმცა ეროვნული ვალუტის გადაფასების ეფექტის ფონზე, მათ აქვთ კლება. ამის გარეშე სასესხო პორტფელი უფრო შემცირდებოდა და კლებაც უფრო მეტი იქნებოდა.

 


რაც ყველაზე მთავარია, წვრილი ბანკებისთვის სასესხო ვალდებულების კლება იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს საბანკო სექტორში კონკურენცია არ არსებობს, რომ ბაზარი უკავია 2 ძირითად ბანკს, იმის იქით, სხვა დანარჩენ ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს. საქართველოს საბანკო ბაზარზე კონკურენტული გარემო არ არის შექმნილი", - განაცხადა ელიავამ.

 

 

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემაა ზარალი კაპიტალში, რომელიც ბევრ ბანკს აქვს. ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, პრობლემები არ აქვს „თიბისი ბანკსა" და „საქართველოს ბანკს", სტაბილური მდგომარეობაა „ვითიბი ბანკშიც". 

 

 

კითხვაზე, თუ რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი, რატომ არ რეაგირებს კომერციულ ბანკებში არსებულ სიტუაციაზე, ელიავას კონკრეტული პასუხის გაცემა უჭირს.

 

 

„საქართველოში მთლიანი საბანკო აქტივების დაახლოებით 80%-ს ორი კომერციული ბანკი ფლობს, დანარჩენი 20% განაწილებულია ყველა სხვა ბანკზე. ამას ემატება ქვეყანაში არსებული რთული ეკონომიკური მდგომარეობა, რაც თავისთავად წვრილი ბანკების მუშაობაზე ნეგატიურად აისახება. მათ უჭირთ ფულადი სახსრების მოზიდვა და შესაბამისად, სესხების გაცემა. საქართველოში საბანკო სისტემა არ არის კონკურენტუნარიანი. სხვა ევროპულ ქვეყანებში და ამერიკაშიც ასეთ რამეს არ დაუშვებდნენ, დაშლიდნენ მსხვილ ბანკებს ისე, რომ მათი წილი მთლიან აქტივებში საშუალოდ 20-25% ყოფილიყო. ჩვენთან კი კონკურენციის შესახებ კანონში წერია, რომ 40%-ია დომინირებული მდგომარეობა. რეალურად, კანონი არის მორგებული მსხვილ ბიზნესზე, რაც არასწორია. არადა, კანონმდებლობა მორგებული უნდა იყოს ეკონომიკის ინტერესებს და არა ბიზნესის", - განაცხადა ელიავამ.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"