geo eng rus
შაბათი, 21 იანვარი, 2017. 02:47
Tesla-ს წარმატება „გიგაქარხნის" აშენებაზე პირდაპირ არის დამოკიდებული
2017-01-10 10:00:23
+
-

ნევადის შტატში არსებობს ქალაქი რენო, სადაც კოვბოებსა და გარეულ ცხენებს ხშირად შეხვდებით, თუმცა უკანასკნელ პერიოდში სულ სხვა რამით იპრყობს საერთაშორისო ყურადღებას: სწორედ აქ შენდება ელონ მასკის უზარმაზარი „გიგაქარხანა," რომელშიც განახლებადი ენერგიის გასავრცელებლად ლითიუმის ბატარეები დამზადდება.

 

ლითიუმის ელემენტების უმსხვილეს დამამზადებელ ქვეყნებად აქამდე ჩინეთი, იაპონია და სამხრეთ კორეა ითვლებოდნენ, თუმცა სავარაუდოდ, „გიგაქარხანა" არსებულ ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ამ მომენტისთვის „გიგაქარხანაში," რომლის მესამედიც 6 თვეში უკვე აშენდა, 2,900 ადამიანი უკვე მუშაობს და მიმდინარე წელს თანამშრომელთა რიცხვს კიდევ 4,000 ადამიანი შეემატება.

 


2018 წლისთვის „გიგაქარხანა" წარმოებას გააორმაგებს და კიდევ 6,500 ადამიანს დაასაქმებს. 2019 წელს კომპანიამ კიდევ 4,000 ადგილობრივი მაცხოვრებელი უნდა დაასაქმოს, მომდევნო წელს კი - დამატებით 6,500. ამ დროისთვის ბაზარზე ავტომობილი Tesla 3 უკვე გამოშვებული იქნება, რომელიც სწორედ „გიგაქარხანაში" შექმნილი ბატარეებით იქნება დამუხტული.

 

Tesla-მ უნდა დაარწმუნოს ინვესტორები, რომ მას დასახული მიზნების შესრულება დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეუძლია. 2016 წელს Tesla-ს სურვილი 80,000 ავტომობილის გაყიდვა იყო და მიზნის მიღწევამდე ელექტრომობილების მწარმოებელს 3,760 ავტომობილი დააკლდა, რასაც აქციების 2%-იანი გაუფასურება მოჰყვა.

 

Tesla-ს წარმატება „გიგაქარხნის" მშენებლობაზე პირდაპირ არის დამოკიდებული. კომპანიის მიზანი 2018 წლისთვის 500,000 Model 3-ის გაყიდვა წარმოადგენს, რომლის ღირებულებაც $35,000-ს შეადგენს. სწორედ ხარჯების შემცირების მიზნით ახორციელებს Tesla „გიგაქარხანაში" $5 მილიარდის ოდენობის ინვესტიციას. ელონ მასკის თქმით, "Tesla-ს 100 გიგანტური ქარხანა საკმარისი იქნება მსოფლიოსთვის განახლებადი ენერგიის მისაწოდებლად."

 

აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი Twitter-ის საშუალებით კომპანიებს სამუშაო ადგილების მექსიკასა და ჩინეთში გადატანაში ადანაშაულებს. მისი კრიტიკა Tesla-ს არ შეხებია: Model 3-ის კომპონენტების 95% სწორედ აშშ-შია დამზადებული და ამასთან, კომპანიის 30,000 თანამშრომელიდან 25,000 სწორედ აშშ-შია დასაქმებული. აღსანიშნავია ისიც, რომ Tesla-ს ხელმძღვანელი ელონ მასკი ტრამპის მრჩეველთა საბჭოს წევრიცაა.

 

 

ავტორი: Bloomberg