geo eng rus
ოთხშაბათი, 29 მარტი, 2017. 07:16
მცირე ბიზნესი 2016 წელს აფასებს – "მთავრობას ისეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც ჩვენს ბიზნესს განვითარებაში დაეხმარებოდა"
2016-12-31 10:00:21
+
-

მცირე მეწარმეები 2016 წელს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს აფასებენ. როგორც მათმა უმრავლესობამ „კომერსანტთან" საუბრისას განაცხადა, ბიზნესის განვითარებისთვის წელს განსხვავებული არაფერი ყოფილა. ზოგიერთის თქმით კი მთავრობამ რიგ საკითხებში სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

 

 

მთავრობის რომელი გადაწყვეტილება აღმოჩნდა მცირე ბიზნესისთვის სიურპრიზი და რომელმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია მათი იმედგაცრუება? და საერთოდ, ხელისუფლების რომელი ინიციატივა აღმოჩნდა მათთვის მისაღები? ამ საკითხებთან დაკავშირებით "კომერსანტი" რამდენიმე მცირე მეწარმეს ესაუბრა. 

 

 

საცხობ "ნითას" ერთ-ერთი დამფუძნებელი ინგა ფრანგიშვილი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ წელს მთავრობის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებებიდან მათთვის სიურპრიზი არაფერი არ ყოფილა.

 

 


„მთავრობის მხრიდან წელს ისეთი საკითხი არ გაჟღერებულა, რაც ჩვენი ბიზნესისთვის სიურპრიზი აღმოჩნდებოდა. სიახლეები გამოხატულად არ იგრძნობოდა და არც წახალისებები ყოფილა. ჩვენ შუალედურ მდგომარეობას ვინარჩუნებთ და შესაბამისად, იმედგაცრუებაც არ ყოფილა. ალბათ, ყველაზე მეტად, როგორც მოქალაქეზე ლარის გაუფასურების ამბავმა იმოქმედა და ვთვლი, რომ ეს მთავრობის მხრიდან გადადგმულმა არასწორმა ნაბიჯებმა გამოიწვია." - განაცხადა ინგა ფრანგიშვილმა.

 

 

იგივე პოზიციაზეა ყვავილების მაღაზია „ფლორალიეს" დამფუძნებელი ნანა ბილანიშვილი. იგი მიიჩნევს, რომ მთავრობას ბიზნესი სიურპრიზებით არ გაუნებივრებია.

 

 

„ჩემი ბიზნესისთვის წელს სიურპრიზი არაფერი ყოფილა, ანუ მთავრობას ისეთი გადაწყვეტილება არ მიუღია, რაც ჩვენს ბიზნესს განვითარებაში დაეხმარებოდა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს ბიზნესის წარმართვა მშვიდ გარემოში შევძლო და გარემოვაჭრეებმა ხელი არ შემიშალონ. ეს ჩემ ბიზნესს ხელს უშლის და ბოლომდე არავინ მიცავს. რაც შემეხება პირადად მე, ჯანდაცვის სისტემა მომწონს და სერგეენკოს მადლობას ვუხდი." - განმარტა ბილანიშვილმა.

 

 

შპს „ჰერბიას" დამფუძნებელი ზურა ჯანელიძე  წლის იმედგაცრუებად ლარის დევალვაციას და საწვავის ფასების ზრდას ასახელებს.

 


„პოზიტიურად ძირითადად საექსპორტო პოზიციებზე მომხდარ სიახლეებს დავასახელებდი, რაც მეწარმეს პროდუქციის ევროპაში გატანის საშუალებას აძლევს. სხვა თვალსაზრისით მთავრობის გადაწყვეტილებებზე რამდენად ვისაუბრებ არ ვიცი, თუმცა საწვავზე ფასების გაზრდა და ლარის დევალვაცია წლის არასასიამოვნო ამბავი ნამდვილად იყო." - განუცხადა „კომერსანტს" ჯანელიძემ.

 

 

შპს „ნექტარის" დამფუძნებელი ნინა პეტროვნა-ძნელაძე "კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ მთავრობამ ფერმერების პროგრამებთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილებები მიიღო.

 


„სიმართლე გითხრათ პირადად მე ძალიან კრიზისული წელი მქონდა. ახალი შემოთავაზება მთავრობის მხრიდან არ იყო, გარდა იმისა, რომ 2017 წლიდან ტარიფების ასაწევად უნდა გავმზადებულიყავით. უარყოფითად შემიძლია ლარის გაუფასურება დავასახელო, მან ძალიან დაგვაზარალა. გეგმების განხორციელების მაგივრად გადარჩენაზე ვიყავით მთელი წელი.  დადებითია ის პროგრამები რაც ფერმერებისთვის უცვლელი დარჩა. ბიზნესზე მთავრობის მხრიდან არანაირი წნეხი არაა. როგორც მოქალაქე თავს დაცულად ვგრძნობ. ქვეყანაში სიმშვიდე და სიწყნარეა." - აღნიშნა პეტროვნა-ძნელაძე.

 

 

ორგანიზაცია „მზიანის" დამფუძნებელი და პროექტ „ახალი მზიურის" ავტორი ანა გოგუაძე აცხადებს, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეხმარება.

 


„წელს მერიის მხრიდან ეს საწარმო უფასოდ გადმომეცა, მათი მხრიდან თანადგომა მუდმივად იგძნობა. ერთადერთი რაც მსურს ისაა, რომ გადასახადის დაწევა მოხდეს, რათა განვითარების საშუალება მომცეს. ამ წელს პოზიტიურად შევაფასებდი. რაც შემეხება მე როგორც მოქალაქეს ჩემთვის მტავრობის მხრიდან წელს პოზიტიური გადაწყვეტილება ადაპტირებული ავტობუსების შემოყვანა იყო." - განაცხადა გოგუაძემ.

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე