დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air სლოვაკეთში შიდა რეისებს ბრატისლავასა და კოშიცეს შორის 2025 წლის შემოდგომის ბოლოს დაიწყებს. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ავიაკომპანიამ შიდა რეისებისთვის გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და სუბსიდიის მიმღები გახდა.
რატომ დაინიშნა რეისები?
სლოვაკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ შიდა საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად ტენდერი გამოაცხადა, რადგან ქვეყანაში 6 წლის განმავლობაში მსგავსი რეისები არ არსებობდა. Wizz Air-მა მოიგო ტენდერი, რომლის შედეგად სუბსიდიების ოდენობა თავდაპირველი 9 მილიონი ევროდან 5.2 მილიონ ევრომდე შემცირდა. ავიაკომპანია კომპენსაციას 2028 წლამდე მიიღებს, რაც საშუალებას მისცემს, ავიაბილეთების ფასები ლიმიტირებული იყოს და საწყის ეტაპზე საოპერაციო ხარჯებიც დაიფაროს.
ფრენის განრიგი და ბილეთების ფასები
ბრატისლავა-კოშიცეს შორის რეისები ყოველდღიურად შესრულდება, ორშაბათობით და პარასკევობით კი ერთი დამატებითი რეისი დაინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ბილეთების გაყიდვა ჯერ არ დაწყებულა, სლოვაკეთის ტრანსპორტის სამინისტრომ უკვე გამოაცხადა სავარაუდო ფასები:
მინიმალური ფასი: 20 ევრო ცალმხრივი მგზავრობისას.
მაქსიმალური ფასი: 75 ევრო ცალმხრივი მგზავრობისას.
ფასში მხოლოდ ხელბარგი შედის. რეგისტრირებული ბარგის დამატება 10 ევრო დაჯდება.
„ბილეთის ღირებულება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად ადრე შეიძენთ მას და რამდენად სავსეა თვითმფრინავი“, – განაცხადა სლოვაკეთის ტრანსპორტის მინისტრმა იოზეფ რაჟმა.
შიდა რეისები და მგზავრობის დრო
შიდა რეისები არ არის Wizz Air-ისთვის ტრადიციული ბიზნესი, გამონაკლისი მხოლოდ იტალიაა, სადაც ბაზარს უფრო დიდი მოცულობა აქვს. ბრატისლავასა და კოშიცეს შორის მანძილი 400 კილომეტრია. მატარებლით ან ავტობუსით მგზავრობას 5 საათი სჭირდება, ხოლო თვითმფრინავით, აეროპორტისკენ გზის ჩათვლით, დაახლოებით 3 საათი. თვითონ ფრენა კი სულ რაღაც 1 საათს გაგრძელდება.