რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვა იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემები The Moscow Times და „ვიორსტკა“ ავრცელებენ.
მედია ამტკიცებს, რომ კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.
„ჩაატარეს კვლევა, როგორ შექმნან ნორმალური მესენჯერი, რომ ყველაფრის „გაქაჩვა“ შეძლოს და WhatsApp-ს შეედაროს. გადაწყვიტეს საფუძვლად „ტამტამ“-ის აღება“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.
წყაროების ცნობით, „ტამტამ“-ს „წერტილოვანი ტექნიკური გაუმჯობესებები“ სჭირდება და ეს დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება.
ცნობისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება. YouTube-ის რუსმა მომხმარებლებმა ვებგვერდის შენელებაზე და სრულ გაჩერებაზე ჩივილი დაიწყეს.
შეგახსენებთ, რუსეთში დაიბლოკა დაცული საკომუნიკაციო პროგრამა „სიგნალიც. „როსკომნადზორის“ განმარტებით, აპლიკაცია რუსეთში კანონდარღვევისთვის დაიბლოკა.
"საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე წვდომა შეიზღუდა რუსული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გათვალისწინებით, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის აპლიკაციის გამოყენებას შეუშალოს ხელი", - წერია როსკომნადზორის პრესრელიზში.
გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენება შეზღუდვის მიუხედავად VPN-ით შეიძლება ან ბლოკისთვის თავის ასარიდებლად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე.
Signal-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა, რომელიც ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, ტექსტური შეტყობინებებისა თუ ზარებისთვის, ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, რაც სპეცსამსახურებსა და სხვა მსურველებს მომხმარებელთა კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, Signal-ი თავის მომხმარებლებზე სხვა აპლიკაციებთან შედარებით ნაკლებ მონაცემებს აგროვებს და ინახავს.