რუსეთში დაცული საკომუნიკაციო პროგრამა „სიგნალი“ დაიბლოკა. „როსკომნადზორის“ განმარტებით, აპლიკაცია რუსეთში კანონდარღვევისთვის დაიბლოკა.
"საკომუნიკაციო აპლიკაცია Signal-ზე წვდომა შეიზღუდა რუსული კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის გათვალისწინებით, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, რათა ტერორისტული და ექსტრემისტული მიზნებისთვის აპლიკაციის გამოყენებას შეუშალოს ხელი", - წერია როსკომნადზორის პრესრელიზში.
გავრცელებული ინფორმაციით, აპლიკაციის გამოყენება შეზღუდვის მიუხედავად VPN-ით შეიძლება ან ბლოკისთვის თავის ასარიდებლად სხვა პროგრამების გამოყენების გარეშე.
Signal-ი ერთ-ერთი ყველაზე დაცული აპლიკაციაა, რომელიც ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, ტექსტური შეტყობინებებისა თუ ზარებისთვის, ორმხრივ დაშიფვრას იყენებს, რაც სპეცსამსახურებსა და სხვა მსურველებს მომხმარებელთა კომუნიკაციის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაში ხელს უშლის. გარდა ამისა, Signal-ი თავის მომხმარებლებზე სხვა აპლიკაციებთან შედარებით ნაკლებ მონაცემებს აგროვებს და ინახავს.
რუსეთში WhatsApp-ის დაბლოკვაც იგეგმება. კრემლთან დაკავშირებულმა კომპანიამ VK (ყოფილი Vkontakte) ახალი „ეროვნული მესენჯერის“ შექმნა დაიწყო, რათა WhatsApp-ი ჩაანაცვლოს, რომელიც რუსეთის ხელისუფლებამ შეიძლება უკვე შემოდგომაზე დაბლოკოს.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ახალი მესენჯერის შექმნა უკვე არსებული „ტამტამ“-ის საფუძველზე იგეგმება, რომელიც, თავის მხრივ, Mail.Ru Group-ის პროექტია.
ცნობისთვის, რუსეთის ტერიტორიაზე YouTube-ის საიტი და აპლიკაცია აღარ იხსნება. YouTube-ის რუსმა მომხმარებლებმა ვებგვერდის შენელებაზე და სრულ გაჩერებაზე ჩივილი დაიწყეს.
წყარო: BM.GE