კრემლის ქმედებების დადებითად შეფასების მაჩვენებელი და რუსეთის ხელმძღვანელობის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება მთელ მსოფლიოში დაეცა მას შემდეგ, რაც რუსეთმა 2022 წელს უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.
ამერიკის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის (American Institute of Public Opinion - Gallup) მიერ 137 ქვეყანაში და რეგიონში ჩატარებული ფართომასშტაბიანი გამოკითხვის თანახმად, 2022 წელს გამოკითხულთა 57%-მა განაცხადა, რომ არ ეთანხმება რუსეთის ხელმძღვანელობას (წინა წელს ეს მაჩვენებელი 38% იყო). გამოკითხულთა 21%-მა განაცხადა, რომ მხარს უჭერს რუსეთის ლიდერებს, 2021 წელს ასეთი ადამიანების რაოდენობა 33% იყო. რუსეთის მიმართ დამოკიდებულება გაუარესდა იმ ქვეყნებშიც კი, რომელთა ლიდერებმა უარი თქვეს ომის დაგმობაზე.
„შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ევროპასა და აზიაში დაგმეს რუსეთის შეჭრა უკრაინაში, თუმცა რუსეთისადმი სიმპათია დაეცა მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. იმის გამო, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელდება და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ახლა ადანაშაულებენ. ომის დანაშაულებში, შესაძლებელია, რომ რუსეთი კიდევ უფრო იზოლირებული იყოს“, - აღნიშნავს Gallup-ი.
რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ყველაზე შესამჩნევად შეიცვალა ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში. აქ, რუსეთისადმი დადებითად განწყობილთა საშუალო რეიტინგი 21 პროცენტული პუნქტით, 16%-მდე დაეცა, ხოლო უკმაყოფილების რეიტინგი საშუალო რეიტინგი 30 პუნქტით, 61%-მდე გაიზარდა.
რუსეთისადმი უარყოფითად განწყობილ ქვეყნებში ლიდერი უკრაინაა (96%), მას მოჰყვა პოლონეთი (95%). მოსახლეობის 90%-ზე მეტი არ იწონებს რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებს აშშ-ში, კანადასა და ევროპის 10 სხვადასხვა ქვეყანაში.
ტაივანში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება საგრძნობლად გაუარესდა - წლის განმავლობაში უკმაყოფილების დონე 26%-დან 72%-მდე გაიზარდა. მეზობელ ყაზახეთში რუსეთის ხელმძღვანელობის მოწონება 55%-დან 29%-მდე დაეცა, ხოლო უკმაყოფილება 20%-დან 50%-მდე გაიზარდა.
ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში უკმაყოფილება 12 პუნქტით, 55%-მდე გაიზარდა. სუბსაჰარის აფრიკა იყო ერთადერთი რეგიონი, რომელიც გამოკითხულ იქნა Gallup-ის მიერ, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობისადმი დადებითად განწყობილთა რეიტინგმა უკმაყოფილებას გადააჭარბა (35%-21%-ზე).