უკრაინის „ხელმძღვანელობას“ ჩვენი ძალისხმევისთვის მადლიერება საერთოდ არ გამოუხატავს და ევროპა რუსეთიდან ნავთობის ყიდვას აგრძელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„რუსეთსა და უკრაინას შორის ომი ძალადობრივი და საშინელია, რომელიც აშშ-ისა და უკრაინის ძლიერი და შესაფერისი ხელმძღვანელობის პირობებში არასდროს მოხდებოდა. ეს იქამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო, ვიდრე მე თანამდებობას მეორე ვადით დავიკავებდი, მძინარე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს და შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 2020 წლის არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო, უკრაინა-რუსეთის ომი არ მოხდებოდა. პუტინი თავდასხმას არასდროს განახორციელებდა“, - წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მისი თქმით, „მემკვიდრეობით მიიღო ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო“.

„ომი, რომელიც ყველასთვის წამგებიანია, განსაკუთრებით მილიონობით ადამიანისთვის, რომლებიც უაზროდ დაიხოცნენ. აშშ ნატო-სთვის დიდი რაოდენობით იარაღის მიყიდვას აგრძელებს, რათა უკრაინაში განაწილდეს (თაღლითმა ჯომ ყველაფერი უფასოდ გასცა, მათ შორის „ბევრი“ ფული!)“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი.

არ შეიძლება უკრაინის საზღვრები ძალით შეიცვალოს ან მისი არმიის რაოდენობა შემცირდეს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

„ნებისმიერმა სანდო და მდგრადმა სამშვიდობო გეგმამ, პირველ რიგში, მკვლელობები და ომი უნდა დაასრულოს, ისე, რომ მომავალი კონფლიქტის საფუძველი არ შექმნას“, - აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მისი თქმით, ევროპელი ლიდერები „სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და ასევე, უკრაინის სუვერენიტეტისთვის აუცილებელ ძირითად ელემენტებზე შეთანხმდნენ“.

„მინდა სამი მათგანი აღვნიშნო. პირველი - არ შეიძლება საზღვრები ძალით შეიცვალოს. მეორე - არ შეიძლება სუვერენული სახელმწიფოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე შეზღუდვები დაწესდეს, რაც ქვეყანას მომავალი თავდასხმების წინაშე დაუცველს გახდის და შესაბამისად, ევროპის უსაფრთხოებასაც ძირს გამოუთხრის. მესამე - უკრაინისთვის მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ევროკავშირის ცენტრალური როლი სრულად უნდა აისახოს. უკრაინას თავისი მომავლის ასარჩევად თავისუფლება და სუვერენული უფლება უნდა ჰქონდეს. მათ ევროპული მომავალი აირჩიეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, “ევროპამ ტრამპის ე.წ სამშვიდობო გეგმის საპასუხოდ საკუთარი კონტრწინადადებები უკვე მოამზადა”. დოკუმენტი, რომლითაც ევროპელები ჟენევაში მოლაპარაკებებზე მოდიან, სამ ძირითად დებულებას შეიცავს:

  • 1.უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ დაუწესდებათ არანაირი შეზღუდვები.
  • 2.უკრაინა აღადგენს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურსა და კახოვკის კაშხალზე, მოიპოვებს „შეუზღუდავ მიმოსვლას მდინარე “ დნეპრზე და კონტროლს იბრუნებს კინბურნის ნახევარკუნძულზე.
  • 3.სხვა ტერიტორიული დავები განხილული იქნება ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარების შემდეგ, რაც ნიშნავს იმას, რომ უკრაინა ზავის მიღწევის მიზნით დონბასიდან ჯარებს არ გაიყვანს.

შეგახსენებთ, უკრაინულმა მედიამ რუსეთ-უკრაინის ომის დასასრულებლად დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ შინაარსი გამოქვეყნა. ომის დასრულების გეგმა 28 პუნქტს შეიცავს.

ტრამპის „სამშვიდობო გეგმის“ მიხედვით, რუსეთი მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება; ამასთან, უკრაინა კონსტიტუციაში ჩაწერს, რომ ნატო-ში არ შევა. გეგმის მიხედვით, ალიანსი არ გაფართოვდება და უარს იტყვის გაფართოებაზე.

აშშ-ის პრეზიდენტის „სამშვიდობო გეგმაში“ საუბარია ტერიტორიულ საკითხებზეც. კერძოდ, ოკუპირებული ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონები დე ფაქტო აღიარებული იქნებიან რუსულ რეგიონებად; ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში საზღვარი ამ დროისთვის არსებულ ფრონტის ხაზზე გავა, უკრაინული ძალები კი გავლენ დონეცკის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ისინი ამჟამად აკონტროლებენ.

აშშ მოითხოვს, რომ უკრაინა „უიტკოფ-დმიტრიევის სამშვიდობო გეგმას“ 27 ნოემბრამდე დაეთანხმოს.

ევროპელი ლიდერების ჯგუფი, სავარაუდოდ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის განსხვავებულ ვერსიაზე მუშაობს, რომელიც უკრაინისთვის მეტად სამართლიან პირობებს ითვალისწინებს, ვიდრე ეს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემუშავებულ 28-პუნქტიან დოკუმენტშია გათვალისწინებული.  როგორც მედია წერს, ევროპელი ლიდერები იმედოვნებენ, რომ ომის დასრულების ალტერნატიული წინადადება უკრაინისთვის უფრო მისაღები იქნება და კიევი სწორედ მათ გეგმას დაუჭერს მხარს. ევროპელების მოლოდინია, რომ „ევროპულ გეგმაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება, თუმცა, ნაკლებია მოლოდინია, რომ "ტრამპის გეგმის" განხილვისას ვაშინგტონმა მოქნილობა გამოავლინოს.

სამშვიდობო შეთანხმებისკენ იძულების მიზნით, აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციისა და იარაღის შეწყვეტით ემუქრება. ანონიმური წყაროების ცნობით, კიევზე ვაშინგტონის მხრიდან უფრო დიდი ზეწოლა იყო, ვიდრე წინა სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს და აშშ-ს სურს, უკრაინამ შეთანხმების ჩარჩოდოკუმენტს მომდევნო ხუთშაბათისთვის მოაწეროს ხელი. აშშ-ის სამხედრო მაღალჩინოსნების დელეგაცია კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. უკრაინაში აშშ-ის ელჩმა შეხვედრას წარმატებული უწოდა. „როიტერის“ თანახმად, ვაშინგტონი აშშ-სა და უკრაინას შორის დოკუმენტის ხელმოწერისთვის „აგრესიული ვადების“ დადგენას ცდილობდა.

21 ნოემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, „უკრაინა შეიძლება, ძალიან რთული არჩევანის წინაშე აღმოჩნდეს, ან ღირსების, მთავარი პარტნიორის დაკარგვის რისკი, რთული 28 პუნქტი, ან უკიდურესად რთული ზამთარი“.

წყაროinterpressnews.ge