რატომ აგრძელებენ უკრაინელები წიგნების ყიდვას ომის დროს და სჭირდება თუ არა გამომცემლობებს სახელმწიფო მხარდაჭერა.
ცოტა ხნის წინ Forbes Ukraine-მა გამოაქვეყნა პირველი Next250 რეიტინგი, რომელიც მოიცავდა პერსპექტიულ მცირე და საშუალო ბიზნესს. მათ შორისაა ექვსი უკრაინული გამომცემლობა: „Ранок“, „Віват“, „Видавництво Старого Лева“, „Наш формат“, „Лабораторія“ და „Віхола“
სრულმასშტაბიანი ომის დროს გამომცემლობებმა შეძლეს არა მარტო ის, რომ არ ჩაძირულიყვნენ, არამედ შემოსავლის გაზრდა და შემოქმედებით ინდუსტრიებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ადგილის დაკავებაც. როგორ გააკეთეს ეს, რას შეცვლის კანონი რუსეთისა და ბელარუსის საგამომცემლო პროდუქციის შეზღუდვის შესახებ და უნდა დაეყრდნონ თუ არა გამომცემლები მთავრობის მხარდაჭერას - ამ ყველაფრის შესახებ წიგნის ბაზრის წარმომადგენლებმა Book Arsenal 2023-ზე ისაუბრეს.
როგორ ცოცხლობს წიგნის ბაზარი ომის დროს?
2021 წლის ბოლოს სახელმწიფო პროგრამა „єПідтримка“ წიგნების შესყიდვაზეც გავრცელდა. გამომცემლობა Лабораторія-ს მფლობელის ანტონ მარტინოვის თქმით, ამან წიგნების ბაზარზე იმ ოდენობის თანხა შეიტანა, რაც აქამდე ინდუსტრიას არ უნახავს, ამან ინდუსტრიას ახალი პროექტების წამოსაწყებად ფრთების გაშლის საშუალება მისცა და ამ ფრთების გაშლამ სექტორი სრულმასშტაბიანი ომის პირველ თვეებში თითქმის გაანადგურდა კიდეც.
„მარტ-აპრილში ჩვენი ფინანსური ვალდებულებები სტამბების და ხალხის მიმართ იყო უზარმაზარი, შემოსავალი კი თითქმის ნულოვანი. წიგნის მაღაზიები დაიხურა, ყველაფერი დაბლოკილი იყო. მაგრამ წელიწადსა და ხუთ თვეში ბევრი გავაკეთეთ და გავიზარდეთ კიდეც. ახლა მე ვხედავ პერსპექტივას და შესაძლებლობას დავიკავო პოზიცია კიდევ უფრო დიდი ზრდისთვის და იმპორტის ჩანაცვლებისთვის“, - განაცხადა ანტონ მარტინოვმა.
„ანეტა ანტონენკოს გამომცემლობის“ დამფუძნებლის თქმით, 2022 წელს უკრაინაში წიგნის ბაზრის განვითარებას ხელი კონკურენციის ნაკლებობამ შეუწყო. სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველ თვეებში ნიშა ფაქტობრივად ცარიელი იყო: კინოთეატრებმა და თეატრებმა შეაჩერეს მუშაობა, არ იმართებოდა კულტურული ღონისძიებები. ასე რომ წიგნები უკრაინელებისთვის თითქმის ერთადერთ გასართობად იქცა.
"შემოქმედებითი სფეროებიდან მხოლოდ წიგნი დარჩა - და ჩვენ დავიკავეთ ეს ნიშა. ახლა ოდნავ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ისევ მოგვიწევს კონკურენცია კინოს, თეატრსა და კულტურულ მოვლენებთან. ამიტომ გაჩერება არ შეიძლება", - ამბობს ანეტა ანტონენკო.
ამავე დროს, Видавництва Старого Лева-ს მთავარი რედაქტორი და თანადამფუძნებელი მარიანა სავკა თვლის, რომ კონკურენცია უკვე დაბრუნდა, მაგრამ წიგნის ბაზრის მხარდაჭერამ ქვეყნის შიგნით და გარეთ გამომცემლებს საშუალებას მისცა პოზიციები შეენარჩუნებინათ. კერძოდ, უკრაინის მიმართ დიდი ინტერესის გამო, ახალი შესაძლებლობები ჩნდება უფლების საზღვარგარეთ გაყიდვისთვის.
"სრულმასშტაბიანი შემოსევის პირველ პერიოდში გაყიდვები გაჭირდა, ყველა წიგნის მაღაზია დაკეტილი იყო. მაგრამ იაპონელებმა ძალიან დაგვიჭირეს მხარი - მათ რომან რომანიშინის და ანდრეი ლესივის წიგნზე "ომი, რომელმაც შეცვალა რონდო" უფლევა რეკორდულ ფასად იყიდეს, რადგან სურდათ უკრაინის მხარდაჭერა გამოეხატათ“, - ამბობს მარიანა სავკა.
მარიანა სავკას თქმით, მხარდაჭერა საზღვარგარეთიდან და ქვეყნის შიგნით, მთავრობის გადაწყვეტილებებთან ერთად, წიგნის გამოცემის სფეროს განვითარებისთვის შესაძლებლობებს ქმნის . საუბარია წიგნის მაღაზიების სისტემის ჩამოყალიბებაზე და რუსეთის ფედერაციიდან და ბელარუსიდან საგამომცემლო პროდუქციის იმპორტისა და გავრცელების აკრძალვაზე.
რატომ ყიდულობენ ადამიანები წიგნებს ომის დროს?
გამომცემლობა „Віхола“-ს თანადამფუძნებელ ილონა ზამოცინას მიაჩნია, რომ ომმა გაზარდა ინტერესი უკრაინის კულტურისა და ისტორიის მიმართ. მისი აზრით, ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ საკუთარი იდენტობით და პასუხებს წიგნებში ეძებენ. ამიტომაც იზრდება კითხვის მოთხოვნა.
„არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყოველთვის კითხულობდნენ და არ ჩერდებოდნენ, არიან ისეთებიც, რომლებსაც რაღაცის გაკეთების სამომავლოდ გადადების ჩვევა აქვთ. ომი არის სტრესი, რომელმაც ძალიან შეგვცვალა. ამიტომ, ამ უკანასკნელებმა დაიწყეს დროის გამონახვა, რომელიც აქამდე არ არსებობდა. დიდმა ტრაგედიამ გამოიწვია ცვლილებები საკუთარ თავში, ადამიანებმა დაიწყეს გარისკვა და წიგნის მაღაზიების გახსნა“, - თქვა მან.
იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი ომის დროს ბევრ ადამიანს წიგნისთვის მეტი დრო გამოუჩნდა, საუბრობს გამომცემლობა Лабораторія-ის მფლობელი ანტონ მარტინოვიც. მისი აზრით, უკრაინული წიგნის ინდუსტრიის განვითარებისთვის ბიძგი ეკონომიკის განადგურება გახდა.
„რუსებმა გაანადგურეს ჩვენი ეკონომიკა, ან მისი უმეტესი ნაწილი. ხალხს ნაკლები სამუშაო აქვს, მათ აქვთ დრო, რომ განვითარდნენ. ამ ისტორიულ მომენტში უკრაინულ წიგნის ინდუსტრიას აქვს შანსი არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში. თუ ადრე საზღვარგარეთ აგენტებზე და გამომცემლობებზე ხმის მიწვდენა და მიღწევა ჭირდა, პროცესი ახლა შებრუნებულია,“- ამბობს მარტინოვი.
სჭირდებათ თუ არა უკრაინელ გამომცემლებს სახელმწიფო მხარდაჭერა?
22 ივნისს ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს No2309-IX, რომელიც აწესებს შეზღუდვებს რუსეთის ფედერაციიდან, ბელარუსიდან და უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან საგამომცემლო პროდუქციის იმპორტსა და დისტრიბუციაზე. გამომცემლების აზრით, ამან უნდა გააცოცხლოს უკრაინის წიგნის ბაზარი. თუმცა, ანტონ მარტინოვის თქმით, ეს ასევე შექმნის ახალ გამოწვევებს:
„წიგნის მაღაზიების დიდი ქსელები კონტენტის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან, რუსები გადიან ბაზრიდან და აუცილებელია თაროებზე მათი წიგნების ჩანაცვლება, მაგრამ რით?
უკრაინელი გამომცემლებისგან შეთავაზებების სია მოკლეა. ასევე აზრი არ აქვს ყველაფრის ინგლისურენოვანი ლიტერატურით შევსებას, რადგან ჩვენ გვყავს ძალიან მცირე პროცენტი ადამიანებისა, ვისაც ინგლისურად გამართულად კითხვა შეუძლია“.
ასეთ პირობებში სახელმწიფოს მხარდაჭერაა საჭირო, რაც წიგნის ინდუსტრიის ჩამოყალიბების საშუალებას მისცემს. „Видавництва Старого Лева“ - თანადამფუძნებლის, მარიანა სავკას თქმით, ამისათვის საჭიროა კულტურა სტრატეგიულ ინდუსტრიად იქცეს.
„ჩვენ გვჭირდება ქმედითი მექანიზმები, რომ ერთმა სამინისტრომ მეორეზე ზეწოლა არ მოახდინოს, მესამე სამინისტროს ნათქვამის გამო, რომ ფული არ არის. სახელმწიფოს უნდა ესმოდეს, რომ ზუსტად კულტურაა სტრატეგიული. და იმ ნაბიჯებს, რომელსაც ჩვენ ახლა ვდგამთ, ან მომავალში გადავდგამთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება უსაფრთხოების, კულტურისა და სახელმწიფოს სფეროში“, - ამბობს ის.
ამასთან, მარიანა სავკა დასძენს, რომ გამომცემლობის ყველაზე მდგრადი ბიზნეს მოდელი უნდა ეყრდნობოდეს არა სახელმწიფო მხარდაჭერას, არამედ საბაზრო მექანიზმებს. ამ სიტუაციაში სახელმწიფოს ამოცანაა იყოს ბაზრის სტაბილურობის გარანტი.
„ქვეყნებში, რომლებიც ზრუნავენ კულტურულ სტრატეგიაზე, ეს სახელმწიფო მხარდაჭერა ფუნქციონირებს ბიბლიოთეკების წიგნებით უზრუნველყოფის დონეზე, ყველა გამომცემლისგან სამართლიანი შესყიდვის დონეზე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე გამომცემლებისთვის, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი საჯარო პოლიტიკაზე. ამიტომ ხელისუფლებამ ყურადღება უნდა მიაქციოს ყველა ამ გამომცემლობას, რათა არავინ დაკარგოს“, - ამბობს „Видавництва Старого Лева“ - თანადამფუძნებელი.
ანალოგიური აზრი აქვს ანეტა ანტონენკოს. მისივე სახელობის გამომცემლობის ბიზნეს მოდელი არ ეყრდნობა სახელმწიფო პოლიტიკას და თავად დამფუძნებელიც სკეპტიკურად უყურებს სახელმწიფო მხარდაჭერას, თუმცა დროდადრო თავის პროექტებს კონკურსებზე წარადგენს:
„პროექტებს ვაგზავნი, ვიმარჯვებ. მაგრამ ეს არ არის დომინანტური. „ანეტა ანტონენკოს გამომცემლობა“ დამოუკიდებელია, ჩვენი წიგნები კონკურსის შედეგების მიუხედავად უნდა მივიდეს მკითხველამდე. ამიტომ, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამებს უფრო გრანტად ვთვლი: თუ გაიმარჯვე, კარგია, თუ არ მოიგე - წიგნი მაინც გამოეცი“
გამომცემლობა Віхола-ს თანადამფუძნებელი ილონა ზამოცნაია თვლის, რომ სახელმწიფო მხარდაჭერისგან დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს წიგნების ხარისხს. მისი აზრით, კომერციული გამომცემლები მიზნად ისახავენ უკეთესი წიგნის გამოცემას, რათა მკითხველს მიჰყიდონ და ფული გამოიმუშაონ. ეს ქმნის კონკურენტულ გარემოს და დადებითად აისახება ბაზარზე.
მეორე მხრივ, როგორც Віхола-ს თანადამფუძნებელი ამბობს, არის შემთხვევები, როცა სახელმწიფოს მხარდაჭერა ინდივიდუალური პროექტების განსახორციელებლად მნიშვნელოვანია. მაგალითად, აკადემიური ლიტერატურისთვის.
„ჩვენ ვაქვეყნებთ არამხატვრულ ლიტერატურას და ხშირად ვმუშაობთ ავტორებთან, რომლებსაც სურთ აკადემიური ლიტერატურის გამოცემა. მაგრამ ჩვენ არ გვყავს კომერციული აკადემიური გამომცემლები. ისინი ყველა სახელმწიფო საკუთრებაშია. მე ეს პრობლემად მიმაჩნია, რადგან, შესაძლოა, რაიმე გრანტი მივიღოთ. პროექტი - მაგალითად, ტარას შევჩენკოს ან ივან ფრანკოს ბიოგრაფიისთვის - მაგრამ ეს იქნება ძალიან ნიშური და სახელმწიფომ ასეთი ლიტერატურისთვის საგრანტო პროგრამებზე ხელმისაწვდომობა და ბიბლიოთეკების მხრიდან მათი შეძენა უნდა უზრუნველყოს“, - განმარტავს ილონა ზამოცნაია.
მომზადებულია liga.net-ის მიხედვით