რუსეთმა თითქმის 900 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დააკავა, მათგან 77 სიკვდილით დასაჯეს უკრაინის ომის დაწყებიდან პირველ 10 თვეში, – ნათქვამია გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სადაც საუბარია ომის 15 თვეზე, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მაისამდე, ამის შესახებ CNN წერს.

უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ მატილდა ბოგნერის თქმით, რუსული ძალები ფართოდ იყენებდნენ წამებასა და არასათანადო მოპყრობაში დაკავებულების მიმართ და ზოგიერთ შემთხვევაში სექსუალურად ძალადობდნენ მათზე. 

„ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა კომუნიკაციის გარეშე, დაკავებისთვის არაოფიციალურ ადგილებში, ხშირად სავალალო პირობებში. დოკუმენტირებული შემთხვევების დაახლოებით მეოთხედში დაკავებულები გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვა ადგილებში ან გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში. მათ ოჯახებს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ ინფორმაცია დაკავებულების ადგილსამყოფლის შესახებ“, – ნათქვამია მოხსენებაში.

გაეროს ინფორმაციით, ასევე აღმოჩენილია მტკიცებულებები უკრაინის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავების შესახებ, კერძოდ, მოყვანილია სულ 75 დაპატიმრება, ძირითადად იმ ადამიანების, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან „კონფლიქტთან დაკავშირებულ დანაშაულებში.“