ესტონეთის გენდერული თანასწორობის კომისრის თქმით, უკრაინა ცდილობს, გამოიყენოს საკანონმდებლო სფეროში ესტონეთის გამოცდილება, რომელიც ერთნაირსქესიანთა პარტნიორობას შეეხება, რათა ლგბტ+ წყვილებისთვის მეტი უფლებების მინიჭება უზრუნველყოს.

არც ერთნაირსქესიანთა ქორწინება და არც სამოქალაქო პარტნიორობა, უკრაინის კანონმდებლობით, ამჟამად აღიარებული არ არის. ესტონეთმა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ქორწინება 2023 წლის 1 იანვარს დააკანონა და გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ეს გააკეთა.

მედია-გამოცემა „კიევ ინდეპენდენტის“ ცნობით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზება უკრაინაში ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას საჭიროებს, რაც საომარი მდგომარეობის დროს აკრძალულია, სამოქალაქო პარტნიორობის შემოღება კი ბევრად უფრო მარტივია. უკრაინელმა კანონმდებლებმა შესაბამის კანონპროექტს გასულ წელს დაუჭირეს მხარი, მაგრამ ის ამჟამად უმაღლეს რადაშია „გაჭედილი“.

გენდერული თანასწორობისა და თანაბარი მოპყრობის საკითხებში ესტონეთის კომისარმა, კრისტიან ვესკემ ეს კანონპროექტი გასულ წელს, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ერთად, ომის დროს ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებისდმი მიძღვნილ კონფერენციაზე განიხილა.

ის „დადებითად გაკვირვებული“ დარჩა, როდესაც შეიტყო, რომ მათ ესტონეთის გამოცდილების გათვალისწინება სურდათ.

„ფრონტის ხაზზე მყოფი ჯარისკაცებიდან ზოგი დაიღუპა, ზოგი კი დაჭრილია. მათ პარტნიორებს არაფრის უფლება არ აქვთ. თუნდაც იმის, რომ საავადმყოფოში მოინახულონ, ვიდრე ჯერ კიდევ ცოცხლები არიან. ამიტომ, ეს კანონპროექტი რეალური ცხოვრებისეული მოთხოვნილებებიდან გამომდინარეობს და უკრაინაში ხალხს ეს კარგად ესმის", - განუცხადა მან გასულ თვეში ესტონეთის ტელე-რადიო მაუწყებელს (ERR News).

უკრაინელების დამოკიდებულება ლგბტ+ თემის წევრებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭების საკითხის მიმართ მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც რუსეთმა კიევის წინააღმდეგ 2022 წელს ტოტალური ომი დაიწყო. მოსკოვმა კი, პირიქით, ლგბტ+ თემის წევრთა უფლებების მიმართ შეუწყნარებლობა თავისი ანტიევროპული იდეოლოგიის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად აქცია.

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ გასული წლის გაზაფხულზე ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ უკრაინელების 70 პროცენტზე მეტი ლგბტ+ პირებისთვის თანაბარი უფლებების მინიჭებას ემხრობა.

ERR News-ის ცნობით, ესტონეთის რამდენიმე სამთავრობო დეპარტამენტი და უწყება უკვე თანამშრომლობს უკრაინელ კოლეგებთან, ამ სფეროში რეფორმების გატარების მიზნით. თუმცა, გენდერული თანასწორობის კომისრის ოფისმა აღნიშნულ საკითხზე მუშაობა ახლახან დაიწყო.

„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინასთან ჩვენი თანამშრომლობის შესაძლებლობები საკმაოდ ფართოა, მე ვხედავ, რომ განსაკუთრებული ყურადღება შეიძლება მიექცეს ომის დროს ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის შესახებ საკითხებზე საზოგადოების ინფორმირებას“, - განაცხადა ვესკემ.

იანვარში ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჟიტომირის ოლქს ეწვევიან, რომლის აღდგენაში ესტონეთიც მონაწილეობს. ამ ოლქში გაიხსნა ადამიანის უფლებათა რეგიონული ცენტრი, რომელიც განახლებული და მოდერნიზებულია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოფისი შეძლებს, მომავალში, უკრაინელ ხალხთან ერთად, თავისი წვლილი შეიტანოს ადამიანის უფლებათა საკითხების განხილვასა და მოგვარებაში“, - განაცხადა კომისარმა.

ვესკეს თქმით, ის მოხარულია, რომ უკრაინამ გადაწყვიტა, არსებული პრობლემების გადასაჭრელად, ომბუდსმენის დამოუკიდებელი ოფისები ქვეყნის ყველა რეგიონში გახსნას: „ეს ადამიანის უფლებების თემებს ხალხთან უფრო ახლოს მიიტანს“.

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, უკრაინას ასევე დასჭირდება კანონმდებლობის განახლება, რაშიც მას ესტონეთი ეხმარება. „ეს არ არის რაღაც ცალკე აღებული საკითხი - ადამიანის უფლებების დაცვა ევროკავშირის მთავარი ღირებულებაა“, - აღნიშნა მან.

ვესკე ხაზგასმით ამბობს, რომ ეს პროცესი არ არის ცალმხრივი მოძრაობის ქუჩა. „უკრაინიდან რომ დავბრუნდი, მივხვდი, რომ ჩვენ იქ მხოლოდ ხალხთან სამუშაოდ და გამოცდილების გასაზიარებლად არ მივდივართ. უკრაინელი ხალხისგან თავად ჩვენც ბევრი უნდა ვისწავლოთ“, - განაცხადა ვესკემ.

„ჩვენ ვნახეთ ხალხის საოცარი გამძლეობა და აგრეთვე ის, თუ როგორ ინარჩუნებენ დღეს ისინი ერთიანობას საზოგადოებაში. ასე რომ, ვფიქრობ, მათგან ბევრი რამ გვაქვს სასწავლი, როგორც საჯარო მოხელეებს, ასევე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს“.

გენდერული თანასწორობისა და თანაბარი მოპყრობის კომისრის პოსტი ვესკეს 2022 წლიდან უკავია. მანამდე ის, 10 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ, კერძოდ კი, გენდერული თანასწორობის ევროპულ ინსტიტუტში (EIGE) მუშაობდა.

ესტონეთმა უკვე აღადგინა ხიდი და საბავშვო ბაღი ჟიტომირის ოლქში. ესტონეთის მთავრობის წარმომადგენლები უკრაინელ კოლეგებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისთვის მომზადებაში ეხმარებიან, ხოლო პოლიციისა და საზღვრის დაცვის დეპარტამენტი უკრაინის ანალოგიური უწყების მოდერნიზებას უწყობს ხელს.

წყარო: 1 არხი