უეფას მსაჯთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რობერტო როზეტიმ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ აამოქმედა ახალი პლატფორმა Clear Line-ი, რომლის მიზანია თამაშის წესების ინტერპრეტაციისა და VAR-ის გამოყენებისადმი ერთიანი მიდგომის უზრუნველყოფა.

პლატფორმაზე თავმოყრილია 150-ზე მეტი სათამაშო და სამსაჯო ეპიზოდი დეტალური განმარტებებით, თუ როგორ უნდა იყოს აღქმული წესები და რომელ სიტუაციებში უნდა მიმართოს არბიტრმა VAR-ის დახმარებას და რომელში – არა. მასალები ვრცელდება როგორც ეროვნულ, ასევე უეფას ეგიდით ჩატარებულ ტურნირებზე.

Clear Line-ი შეიცავს ვიდეომასალებსა და ვიზუალურ განმარტებებს, რაც დაეხმარება ყველას, გაიგოს არბიტრების გადაწყვეტილებების ლოგიკა რთულ და სადავო ეპიზოდებში. პლატფორმა რეგულარულად განახლდება ახალი სათამაშო სიტუაციების გაჩენისა და დამატებითი განმარტებების საჭიროების მიხედვით.

ამასთან, უეფას VAR-ის გამოყენების მიმართ უფრო მკაცრი მიდგომა აქვს, ვიდრე ფიფა-ს. ევროპული ორგანიზაციის აზრით, ვიდეოგამეორებები მხოლოდ არბიტრის აშკარა და თვალსაჩინო შეცდომების გამოსასწორებლად უნდა გამოიყენებოდეს.

„VAR-ი არ მსაჯობს მატჩს. ის მხოლოდ აშკარა სიტუაციებისა და თვალსაჩინო შეცდომებისთვის არის საჭირო. გვინდა, რომ არბიტრებს ინდივიდუალურობა შეუნარჩუნდეთ, ხოლო VAR-ი მხოლოდ დამხმარე ინსტრუმენტად დარჩეს. უნდა შევინარჩუნოთ ის ფეხბურთი, რომელიც გვიყვარს და რომელიც ჩვენს მშობლებს უყვარდათ“, – მოჰყავს როზეტის სიტყვები გაზეთ L’Équipe-ს.

უეფა-ში უკმაყოფილონი არიან იმ შემთხვევებით, როდესაც VAR-ი გამოიყენება „მიკროსკოპული“ ეპიზოდების განსახილველად, რომელიც არ უნდა გახდეს ვიდეოგადამოწმების საგანი.

პირველი არხი