ტვერის ოლქში რუსული გასამხედროებული დაჯგუფება ვაგნერის დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა. „როსავიაციის" ინფორმაციით, ბიზნესჯეტში ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა. გამოძიება დაიწყო Embraer-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ფაქტზე. 

ადგილიდან ვიდეოებს ტელეგრამის არხები Baza და Mash აქვეყნებენ. ვიდეოებში ჩანს, თუ როგორ კარგავს თვითმფრინავი მოულოდნელად სიმაღლეს, იწყებს ვარდნას. რის შემდეგაც ავარიის ადგილზე სქელი კვამლი ჩნდება.

ავიაკატასტროფის შესახებ ხელისუფლებას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ხანმოკლე ამბოხის შემდეგ, პრიგოჟინმა პირველი ვიდეო სავარაუდოდ აფრიკიდან გაავრცელა. ვიდეოჩანაწერში პრიგოჟინი ამბობს, რომ „ვაგნერი" განაგრძობს მეომართა გადაბირებას და გამოთქვამს ვარაუდს, რომ ჯგუფი შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.