აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას განათლების დეპარტამენტის დახურვის პროცესის ოფიციალურად დაწყების შესახებ.
ეს დონალდ ტრამპის საარჩევნო დაპირება იყო.
თუმცა პრეზიდენტის ნება დეპარტამენტის დახურვისთვის საკმარისი არ არის — კონგრესის თანხმობა ესაჭიროება, რისთვისაც საკმარისი ხმები არ აქვს. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება განათლების მდივან ლინდა მაკმაჰონს ავალებს, გადადგას „ყველა საჭირო ნაბიჯი დახურვის გასაადვილებლად“. ეს შეიძლება მოიცავდეს გარკვეული ფუნქციების რეორგანიზაციას, შემცირებებს, კონკრეტული უფლებამოსილებების დაბრუნებას შტატებში, სადაც ფედერალური კანონი ამის საშუალებას იძლევა.
„უცნაურად ჟღერს, არა? — განათლების დეპარტამენტი, ჩვენ ვაპირებთ მის გაუქმებას და ყველამ იცის, რომ ეს სწორია. დემოკრატებმაც იციან, რომ ეს სწორია“, — განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა ბავშვებთან ერთად, რომლებიც პრეზიდენტის ირგვლივ მერხებთან ისხდნენ. ასევე, ხელი მოაწერეს „აღმასრულებელი ბრძანების“ საკუთარ ვერსიას.
ტრამპის ხედვაა, განათლების საკითხებთან დაკავშირებული უფლებამოსილებები ფედერალურიდან შტატების დონეზე გადატანონ.
რესპუბლიკელები განათლების დეპარტამენტს აკრიტიკებდნენ რასობრივი და იდენტობის პოლიტიკის ადვოკატირებისთვის. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ფედერალურ დონეზე განათლების საკითხების განსაზღვრაში წინ წამოიწევს მშობლების როლი.
განათლების დეპარტამენტი დაარსდა 1979 წელს, პრეზიდენტის ჯიმი კარტერის დროს, განათლების სხვადასხვა ინიციატივების ფედერალური მთავრობის ფარგლებში კონსოლიდაციის მიზნით. ამით მან შექმნა ახალი თანამდებობა კაბინეტის დონეზე, თუმცა დეპარტამენტს მაინც შეზღუდული მანდატი აქვს. ის არ ადგენს სასწავლო გეგმებს ან სასკოლო პროგრამებს, არამედ ფოკუსირებულია განათლების დაფინანსების გადანაწილებაზე, მონაცემების შეგროვებაზე და ანტიდისკრიმინაციული ღონისძიებების გატარებაზე. რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დემოკრატი კარტერის შემდეგ, განათლების დეპარტამენტს ბიუროკრატიულ თაღლითობას უწოდებდა და ემხრობოდა მის გაუქმებას. რეიგანიც მიიჩნევდა, რომ განათლების შესახებ გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული ადგილობრივ დონეზე და ფედერალურმა მთავრობამ მხოლოდ უმნიშვნელო როლი უნდა ითამაშოს სკოლებში.
თეთრის სახლის თანახმად, 1979 წლიდან მოყოლებული, აშშ-ის განათლების დეპარტამენტმა დახარჯა $3 ტრილიონზე მეტი და „პრაქტიკულად- უშედეგოდ“. მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში თითო მოსწავლეზე დანახარჯები გაიზარდა 245%-ზე მეტით, სტუდენტთა მიღწევები არ გაუმჯობესებულა.
შეერთებულ შტატებში ბავშვების უმეტესობა სწავლობს უფასო საჯარო სკოლებში, რომლებიც ადგილობრივ დონეზე იმართება. დაწყებითი და საშუალო სკოლების დაფინანსების მხოლოდ 13% მოდის ფედერალური ფონდებიდან. დეპარტამენტი განკარგავს სტუდენტურ სესხებს და აწარმოებს პროგრამებს დაბალი შემოსავლის მქონე სტუდენტების დასახმარებლად.
წყარო: "ნეტგაზეთი"