„ლატვიის რადიოს“ ცნობით, ლატვიაში მეთევზეებს პირველად ეძლევათ ნაცრისფერ სელაპებზე ნადირობის ან „მომაკვდინებელი საშუალებებით შეჩერების“ ნებართვა, რათა სათევზაო აღჭურვილობისა და საერთოდ, თევზჭერის ბიზნესისთვის მიყენებული ზიანი შემცირდეს.

ეს ნიშნავს, რომ 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გარკვეულ იურიდიულ პირებს 60-მდე ნაცრისფერი სელაპისთვის სანადირო იარაღიდან სროლის უფლება ექნებათ. ეს რაოდენობა ბალტიის ზღვაში სელაპების მთლიანი პოპულაციის დაახლოებით 1%-ს შეადგენს.

„გაზაფხულის მოსვლა უკვე სრული კოშმარია! როცა ქაშაყის რეწვის სეზონი იწყება, სელაპები ყოველდღე ჩვენს გვერდით არიან!“, - სალაცგრიველი მეთევზე, შპს „Aļģes 1“-ის მფლობელი, იანის კრუმინში იმ ზარალზე საუბრობს, რომელსაც სელაპები თევზჭერის საქმეს აყენებენ.

„როგორც კი ბადეს ვისვრით, სელაპიც უმალ იქ არის - ის თევზს ჭამს, ბადეს ანადგურებს და აღარც თევზია და აღარც ბადე“.

როდესაც თევზის შეჭმისას, სელაპი ბადეს აზიანებს, ამით მეთევზე ძალიან ზარალდება. „ბადის შეკეთება საკმაოდ რთულია. თუ ყოველ ჯერზე მოგვიხდა მისი შეკეთება, ეს ძალიან წამგებიანია. ბადის სიგრძე 400 მეტრია, სიგანე - ორი მეტრი. ზოგჯერ სელაპი ბადეს გაგვტაცებს ხოლმე და მასში გაბმულ თევზთან ერთად მიცურავს“, - განაგრძობს კრუმინში.

იანის კრუმინში მინიმუმ მეოთხე თაობის მეთევზეა და საკუთარი გამოცდილებით ამბობს, რომ სელაპების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.

„ისინი არასოდეს ყოფილან იმდენი, რამდენიც ახლა არიან! მახსოვს, ბავშვობაში, როცა ზღვაში გავდიოდით ბადეების სასროლად, არასოდეს ხდებოდა, რომ ყოველ ჯერზე სელაპი ჩვენი ბადის გვერდით გამოჩენილიყო. მეცნიერები ამბობენ, რომ ბალტიის ზღვაში დაახლოებით 60 000 სელაპია, ესტონელები კი ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა დაახლოებით 90 ათასია“, - ამბობს მეთევზე.

ლატვიის გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, მეთევზეთა მხოლოდ 19 კონკრეტულ კომპანიას, რომლებიც სანაპირო წყლებში კომერციულად თევზაობენ, მიეცათ ნაცრისფერი სელაპების დახოცვის უფლება (მეთევზეობის მარეგულირებელი კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად), რათა ამ გზით თავიდან აიცილონ სერიოზული ზარალი. თუმცა, ამ შემთხვევაშიც, გარკვეული პირობები უნდა იყოს დაცული.

არ შეიძლება დაჭერილი ან მოკლული სელაპის კომერციული მიზნებისთვის გამოყენება, მისი სხვა პირისთვის გადაცემა კი მხოლოდ უტილიზაციის ან პირადი სარგებლობისთვის არის დაშვებული. ამასთან, ნებართვის მფლობელები, სელაპებზე ნადირობის წინ და მის შემდეგ, აუცილებლად უნდა დაუკავშირდნენ გარემოს დაცვის სააგენტოს.

გაცემული ნებართვის პირობების დარღვევა 10 000 ევრომდე ჯარიმით ისჯება.

წყარო: 1 არხი - საზოგადოებრივი მაუწყებელი