თეთრი სახლი რუსული ნავთობის წინააღმდეგ ახალ სანქციებს ამზადებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, შეზღუდვების დეტალების ჯერ შემუშავების ეტაპზეა, თუმცა როგორც „ბლუმბერგის“ წყარო ამტკიცებს, სანქციები რუსული ნავთობის ექსპორტს შეეხება.
„ბლუმბერგის“ ცნობით, მანამდე ბაიდენი ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავს იკავებდა, რადგანაც არსებობდა ნავთობის გაძვირების საფრთხე. თუმცა, იმ ფონზე როდესაც „შავი ოქროს“ ფასი იკლებს და იზრდება შეშფოთება, რომ დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა შესაძლოა, აიძულოს უკრაინა სწრაფად გააფორმოს შეთანხმება რუსეთთან, თეთრი სახლი ახლა უკვე მზადაა რუსული ნავთობის წინააღმდეგ უფრო მკაცრი სანქციების დააწესოს.
„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება ისეთი სანქციების დაწესება, როგორიც უკვე მოქმედებს ირანული ნავთობის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში აშშ-ის სანქციები დაუწესდება რუსული ნავთობის მყიდველებს. ამასთან, ასეთ ზომებს თან ახლავს რისკები, რადგანაც რუსული ნავთობის ძირითადი მომხმარებლები ისეთი ქვეყნები არიან, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი.
გამოცემა წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ასევე განიხილავს სანქციების დაწესებას ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ, რომელსაც რუსეთი იყენებს ნავთობის ტრანსპორტირებისთვის.