„თავისებური თავისუფლება“: ამსტერდამი 750 წლის იუბილეს აღნიშნავს
არხებით, ველოსიპედებით და ტოლერანტობით მსოფლიოში ცნობილმა ქალაქმა ამსტერდამმა, ორშაბათს დაარსებიდან 750 წლის იუბილე აღნიშნა. ნიდერლანდების იუბილარი დედაქალაქი დღეს თანამედროვე პრობლემებს - ჭარბი ტურიზმსა და საბინაო კრიზისს - ებრძვის. ზუსტად დილის 7:50 საათზე, თავსხმა წვიმაში, ქალაქის მერმა, ფემკე ჰალსემამ 75 მეტრი სიგრძის ტორტი გაჭრა, რომელიც საბოლოოდ 7 500 ნაჭრად დაიყო და ქალაქის მასშტაბით დარიგდა. ამსტელის კაშხლის („Amstelledamme“) მცხოვრებნი ოფიციალურ დოკუმენტში პირველად 1275 წლის 27 ოქტომბერს მოიხსენიეს, იმ ამბიდან შვიდ-ნახევარი საუკუნის შემდეგ კი ქალაქი თითქმის ერთი მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს და უდიდესია ნიდერლანდებში.
მერიის ცნობით, 2024 წელს ამ რიცხვს 27 მილიონი ვიზიტორი დაემატა. ყოველდღე, ტურისტები ბაროკოს სტილის ცენტრალური სადგურიდან (Centraal Station) ვინსენტ ვან გოგის „მზესუმზირების“ ან სხვა ტიპის ეგზოტიკური მცენარეების მოსანახულებლად დადიან. მემარცხენე „შრომის პარტია“ (PvdA), რომელიც ქალაქის საბჭოში უმრავლესობას ფლობს, გამოვიდა ინიციატივით, რომ ტურისტებს ცენტრალურ „ყავის მაღაზიებში“ (coffee shops) შესვლა აეკრძალოთ, სადაც კანაფის მოხმარებაა შესაძლებელი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს იმ ტურისტების შეზღუდვას, რომლებიც ქალაქს მხოლოდ კანაფის მოწევის მიმართ არსებული ლიბერალური პოლიტიკისგან სარგებლის მისაღებად სტუმრობენ, და ასევე ემსახურება მაღაზიების მფლობელების წახალისებას, რომ ქალაქის ცენტრიდან გადავიდნენ.
ამსტერდამის მკვიდრთა საინიციატივო ჯგუფი, რომლის სახელწოდებაა „ამსტერდამს არჩევანი აქვს“, მიიჩნევს, რომ მასობრივი ტურიზმის შეზღუდვის მცდელობები საკმარისი არ არის. „ტროტუარებზე გავლა თითქმის შეუძლებელია ტიკ-ტოკზე რეკლამირებულ და აუცილებლად სანახავ ადგილებად მონათლულ ობიექტებთან არსებული გრძელი რიგების გამო. ქალაქი თავის უნიკალურ იერსახეს ნელ-ნელა კარგავს“, - წერს ჯგუფი თავის ვებ-გვერდზე. სექტემბერში ჯგუფმა ქალაქის ხელმძღვანელობას უჩივლა და მოითხოვა უფრო კონკრეტული ზომების მიღება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამსტერდამში ღამის მთეველების რაოდენობამ კანონით დადგენილ ნორმას - წელიწადში 20 მილიონს - არ გადააჭარბოს.
დავა წითელი ფარნების უბნის ირგვლივ
ქალაქში ასევე ბევრს კამათობენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოექცნენ ამსტერდამში ცნობილ კიდევ ერთ აკრძალულ სიამოვნებას: პროსტიტუციას. ქალაქის ცენტრში მდებარე წითელი ფარნების უბანი, სადაც მეძვები კლიენტებს ვიტრინებიდან ეპატიჟებიან, მწვავე დებატების საგანია. გეგმამ, გადაიყვანონ ქალები სპეციალურ „ეროტიკულ ცენტრში“, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მოშორებით, საცხოვრებელი უბნების გვერდით მდებარეობს, საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. იდეა მიზნად ისახავს ამ ტერიტორიაზე წვრილმანი დანაშაულისა და ხმაურის შემცირებას, მაგრამ თავად მეძავები ამ გეგმას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და ახალ ადგილზე გადასვლას თავიანთი სათა წითელი ვიტრინების მიღმა დარჩენას ამჯობინებენ. თუ გეგმა საბოლოოდ მაინც დამტკიცდება, ახალი ეროტიკული უბნის მშენებლობა, შესაძლოა, 2031 წელს დაიწყოს.
ისევე როგორც მჭიდროდ დასახლებული ნიდერლანდების ბევრი ქალაქი, ამსტერდამიც ებრძვის საბინაო კრიზისს, რომელიც განსაკუთრებით ახალგაზრდებს აწუხებთ. „ქალაქის ცენტრში ერთი ოთახის დაქირავება 1 500-დან 2 600 ევრომდე ღირს“, - იტყობინება ემიგრანტების საინფორმაციო ვებსაიტი IAmsterdam. „2024 წელს ამსტერდამი წარმოადგენდა ქალაქს, სადაც ყველაზე მაღალი ბინის ქირა იყო ევროპაში“, - ნათქვამია ქალაქის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ბოლოდროინდელ კვლევაში.
მაგრამ ვერც ამ პრობლემებმა და ვერც თავსხმა წვიმამ ვერ გაანელა ჩანდენი პონიეტის ენთუზიაზმი, რომელმაც, ტორტის თავისი ნაჭრის მისაღებად, ადრე გაიღვიძა. „მე მომწონს აქაური ატმოსფერო და ხალხი. აქ ყოფნა ნამდვილად სასიამოვნოა“, - განუცხადა 27 წლის მოდის პროდიუსერმა სააგენტო „ფრანს პრესს“. მას 54 წლის ფსიქოლოგი, ესთერ ვან ბერლოც ეთანხმება. „ხალხი ღიაა და შენ შეგიძლია იყო ის, ვინც გინდა, რომ იყო. შენ შეგიძლია იფიქრო ის, რისი ფიქრიც გინდა და შეგიძლია თქვა ის... დიახ, ბევრი რამ“, - განუცხადა მან ფრანგულ სააგენტოს.
წყარო: 1 არხი