სტიქიური უბედურებების შედეგად სადაზღვევო კომპანიების ზარალმა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 50 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც 2011 წლის ანალოგიური პერიოდის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფორმაციას Financial Times შვეიცარიული სადაზღვევო კომპანია Swiss Re-ს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კომპანიის მთავარი ეკონომისტის, ჟერომ ჟან ჰეგელის თქმით, დანაკარგების ორი-მესამედი გამოწვეული იყო ძლიერი წვიმისა და ქარის კონვექციური შტორმებით, ასევე ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებით. კერძოდ, იანვრიდან ივნისის ბოლომდე ეს ბუნებრივი ანომალიები მზღვეველებს 35 მლრდ დოლარი დაუჯდათ, მაშინ, როცა ბოლო ათი წლის განმავლობაში ეს ხარჯი წელიწადში, საშუალოდ, 18 მლრდ დოლარს შეადგენდა. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად კომპანია ახალ ზელანდიასა და ევროპაში მომხდარ წყალდიდობებს ასახელებს.
პირველ ექვს თვეში გლობალური ეკონომიკური ზარალის მთლიანმა მოცულობამ, იმ შემთხვევების გათვალისწინებით, რომელშიც სადაზღვევო კომპანიები არ მონაწილეობდნენ, 120 მლრდ დოლარი შეადგინა. ზარალის დიდი წილი თურქეთსა და სირიაში 2023 წლის თებერვალში მომხდარმა მიწისძვრებმა გამოიწვია.
„კლიმატის ცვლილების გავლენა უკვე შესამჩნევია სხვადასხვა საფრთხეზე, როგორიც არის ანომალიური სიცხე, გვალვები, წყალდიდობები და ექსტრემალური ნალექები,“ - აცხადებს ჟერომ ჟან ჰეგელი.
ცნობისთვის: იმავე კომპანია Swiss Re-მ გასულ წელს სტიქიური უბედურებების შედეგად გლობალური ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალი 275 მლრდ დოლარად შეაფასა, საიდანაც 45%, ანუ 125 მლრდ დოლარი დაზღვევით დაიფარა. 5 მლრდ დოლარით ნაკლები ოდენობა დაასახელა მსოფლიოს უდიდესმა გერმანულმა სადაზღვევო კომპანია Munich Re-მ, რომლის მონაცემებითაც, გასული წლის სტიქიური უბედურებების შედეგად გლობალური ეკონომიკის მთლიანი ზარალი, 2021 წელთან შედარებით, დაახლოებით 15%-ით შემცირდა და 320 მილიარდიდან 270 მლრდ დოლარამდე მოიკლო. ამასთან, დაზღვეული ზარალის მოცულობა, ფაქტობრივად, უცვლელი დარჩა და 120 მლრდ დოლარი შეადგინა.
ამასთან, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) ახალი მაჩვენებლის თანახმად, ექსტრემალურმა ამინდმა, კლიმატმა და წყალთან დაკავშირებულმა მოვლენებმა 1970-დან 2021 წლამდე 11 778 სტიქიური უბედურება გამოიწვია, რომლის დროსაც 2 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო გლობალურ ეკონომიკას 4,3 ტრლნ დოლარის ზარალი მიადგა. მხოლოდ 2020 და 2021 წლებში სტიქიური უბედურებით გამოწვეული სიკვდილიანობის სულ 22 608 შემთხვევა დაფიქსირდა.