"ოპოზიციის მებრძოლებმა სირიაში, უპრეცედენტო ნაბიჯით, მრავალი ქალაქი სრულად აიღეს, ძლიერ კოორდინირებული იერიშის ფარგლებში, და ახლა დამასკოს გარეუბნებთან არიან;" - ამის შესახებ აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს და სირიაში ბოლოდროინდელ განვითარებულ მოვლენებს ეხამურება.

ტრამპისთვის ცხადია, რომ ემზადებიან მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადასადგმელად.

„ოპოზიციონერმა მებრძოლებმა სირიაში უპრეცედენტო სვლით მთლიანად დაიკავეს რამდენიმე ქალაქი უმაღლესად კოორდინირებული შეტევის შედეგად და ახლა დამასკოს შემოგარენში იმყოფებიან და აშკარად ემზადებიან მორიგი დიდი ნაბიჯის გასაკეთებლად ასადის ჩამოსაგდებად. რუსეთს, იმის გამო, რომ ასე დაკავებულია უკრაინაში, სადაც 600 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა, როგორც ჩანს არ შეუძლია, შეაჩეროს ეს მარში სირიაზე, ქვეყანაზე, რომელსაც ის წლების განმავლობაში იცავდა. სწორედ აქ ყოფილმა პრეზიდენტმა ობამამ უარი თქვა ვალდებულების შესრულებაზე, დაეცვა წითელი ხაზი ქვიშაზე და დაიწყო ნამდვილი ჯოჯოხეთი, რუსეთის ჩარევით. თუმცა ახლა მათ, ისევე როგორც, სავარაუდოდ, თავად ასადსაც, როგორც ჩანს, აძევებენ და ეს შესაძლოა, იყოს საუკეთესო რამ, რაც მათ შეიძლება დაემართოთ. რუსეთი არასდროს იღებდა დიდ სარგებელს სირიისგან, ობამას ნამდვილად სულელად წარმოჩენის გარდა. ნებისმიერ შემთხვევაში, სირია არეულობაა, თუმცა ის ჩვენი მეგობარი არ არის და აშშ-ს არაფერი უნდა ჰქონდეს მასთან საერთო. ეს ჩვენი ბრძოლა არ არის. დაე, გათამაშდეს. ნუ ჩაერევით!“, – წერს დონალდ ტრამპის თავის სოციალურ ქსელში, Truth Social-ზე. 

შეგახსენებთ, ირანმა სირიიდან სამხედრო პერსონალის ევაკუაცია დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსი“ სამ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყსა და ლიბანში ევაკუირებულ სამხედროებს შორის ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ელიტური დანაყოფის „ყუდსის ძალების“ მეთაურები არიან. ამასთან, მიმდინარეობს ირანის დიპლომატიური პერსონალის ნაწილის, მათი ოჯახის წევრებისა და ირანის მოქალაქეების ევაკუაცია. მათი ნაწილი ქვეყანას ტოვებს თვითმფრინავით, ნაწილი კი სახმელეთო გზით ლიბანსა და ერაყში გადადის.

რუსეთთან ერთად, ირანის ძალები ასადის მთავრობას სირიაში მრავალწლიანი ომის მიმდინარეობისას უჭერდნენ მხარს. ამასთან, ირანი სირიას იყენებდა ლიბანში მოძრაობა „ჰეზბოლასთვის“ იარაღის ტრანსპორტირების საკვანძო მარშრუტად.

გავრცელებული ცნობებით, სირიაში ამბოხებულთა ძალებმა რამდენიმე დასახლებული პუნქტი დაიკავეს, მათ შორის აჯანყებულები ქალაქ ჰომსა და დარაში შევიდნენ.