შვეიცარიის არმიის მეთაურმა, ტომას ზიუსლიმ გაზეთ „SonntagsBlick“-ს განუცხადა, რომ შვეიცარიას შეუძლია, უკრაინა-რუსეთის სასაზღვრო რეგიონში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად, ცხრა-თორმეტი თვის განმავლობაში, დაახლოებით 200 ჯარისკაცი გამოყოს. ამავდროულად, მან შვეიცარიის ნეიტრალიტეტსაც გაუსვა ხაზი.

ზიუსლის განმარტებით, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ მშვიდობის იძულებით დამყარება და სამშვიდობო ოპერაცია. მაშინ, როცა პირველ შემთხვევაში მისიები სამხედრო ძალის გამოყენებით, იძულებით ამყარებენ მშვიდობას - რაშიც შვეიცარიის მონაწილება გამორიცხულია - სამშვიდობო ოპერაცია მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას და გაერო-ს სამშვიდობო ძალების განლაგებაზე რუსეთისა და უკრაინის თანხმობას.

„თუ მივიღებთ ბრძანებას მისიაში მონაწილეობის შესახებ, მაშინ შევიმუშავებთ სწავლების კონცეფციას ჩვენი ჯარისკაცების გასაწვრთნელად, აგრეთვე პოსტკონფლიქტურ ზონაში განლაგებისთვის მათ მოსამზადებლად. ამის შემდეგ დავიწყებთ რეკრუტირებას და შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გაწვრთნას“, - აღნიშნა ზიუსლიმ. „სამშვიდობო მანდატს მთავრობა და პარლამენტი წყვეტს, თუმცა, ყველა შემთხვევაში, სამშვიდობოების მიერ იარაღის გამოყენება მხოლოდ თავდაცვის მიზნით იქნება ნებადართული“, - დასძინა მან.

„სამშვიდობო მისიის ფარგლებში სხვადასხვა შესაძლო ამოცანები შეიძლება არსებობდეს. შვეიცარიას ლოგისტიკისა და სამედიცინო მომსახურების სფეროში კარგი გამოცდილება გააჩნია. გადამწყვეტი ფაქტორია, თუ რა მოთხოვნებს წამოაყენებს გაერო და რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ მთავრობა და პარლამენტი“, - განაცხადა შვეიცარიის არმიის მეთაურმა, რომელმაც კოსოვოში შვეიცარიის არმიის პერსონალის განლაგებასთან გაავლო პარალელები.

ის ასევე გამოვიდა გაფრთხილებით, რომ 2027 წლისთვის რუსეთი, შესაძლოა, ევროპაში დესტაბილიზაციისა და კონფლიქტის ახალი ესკალაციისთვისმზად იყოს. ზიუსლის თქმით, ეს ოფიციალური ბერნისთვის განსაკუთრებით კრიტიკული იქნება, რადგან „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებისა და „F-35“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებლების შვეიცარიისთვის მიწოდება მხოლოდ 2027 წლის შემდეგ არის დაგეგმილი.