შვეიცარიაში დასავლური სანქციების შედეგად გაყინული რუსული კერძო აქტივების მოცულობა 2022 წლის ნოემბრის შემდეგ არ შეცვლილა და 8,6 მლრდ დოლარს შეადგენს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ ეკონომიკურ საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო სამდივნოს პრესმდივანმა, ფაბიან მაიენფიშმა განუცხადა.

მისი თქმით, „2022 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, საერთო მოცულობაში ცვლილება არ შეიმჩნევა. მართალია, მუდმივად ჩნდება ახალი აქტივები, რომლებიც იბლოკება, თუმცა სხვები პარალელურად განიბლოკება.“

მაიენფიშმა დასძინა, რომ ოფიციალური ბერნი „ყურადღებით ადევნებს თვალს“ ევროკავშირში მიმდინარე დისკუსიას რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების „საინვესტიციო მიზნებისთვის გამოყენებაზე, კერძოდ, ამ აქტივების შემოსავლის უკრაინის აღდგენისკენ მიმართვის შესაძლებლობაზე.”

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ უკრაინის ომის დაწყებისთანავე შვეიცარია რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ, თითქმის, ყველა ევროპულ სანქციას შეუერთდა. ქვეყანამ 8,6 მლრდ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები დაბლოკა. ბანკმა, Credit Suisse-მა შვეიცარიაში რეგისტრირებული რუსული აქტივების მესამედზე მეტი დაბლოკა ან გაყინა, რამაც 17,6 მლრდ ფრანკი, 19,7 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა. მანამდე შვეიცარიის მთავრობამ განაცხადა, რომ ქვეყანაში რუსეთის ცენტრალური ბანკის, დაახლოებით, 7,4 მლრდ შვეიცარული ფრანკის (8,4 მლრდ დოლარზე მეტი) აქტივები ინახება.

ივნისში ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, პიერ-ალენ ელჩინგერმა „რია ნოვოსტის” განუცხადა, რომ შვეიცარია მზად არის, მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო დისკუსიებში რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების კონფისკაციის საკითხზე.

თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი უკრაინის აღსადგენად რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გამოყენებას მათი კონფისკაციის კი არა, შესაძლო ინვესტირების გზით განიხილავს.

გასული წლის ივნისის დასაწყისში ევროკავშირმა რუსეთის ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარი სანქციების მეექვსე პაკეტში შეიტანა, რასაც მოგვიანებით შვეიცარიაც შეუერთდა. 2022 წლის მარტიდან Euroclear-ისა და Clearstream-ის დეპოზიტარებში ანგარიშსწორების ეროვნული დეპოზიტარის ანგარიშებზე რუსი კლიენტების ფასიანი ქაღალდები და სახსრები სხვადასხვა ვალუტაში ისედაც დაბლოკილი იყო, ხოლო სანქციების მეექვსე პაკეტით ფედერაციის ეროვნული დეპოზიტარის ანგარიშებზე ეს თანხები უცხოურ კორესპონდენტ ბანკებში ევროსა და ფრანკებშიც დაიბლოკა.

bpn.ge