ევროპელმა და ამერიკელმა კლიმატოლოგებმა დაასკვნეს, რომ თუ გლობალური დათბობა გაგრძელდება და საუკუნის ბოლოსთვის პლანეტის ტემპერატურა 1,5-4 გრადუსი ცელსიუსით მოიმატებს, დედამიწა უკვე ამ საუკუნის შუა პერიოდისთვის ყოველწლიურად 2000-დან 4000-მდე მყინვარს დაკარგავს. შედეგად, მათი საერთო რაოდენობა შესაძლოა ამჟამინდელი 200 ათასიდან 18 ათასამდე შემცირდეს, – ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტის (ETH) პრესსამსახური იტყობინება.

„ამ პროცესების მიმართ ყველაზე დაუცველი იქნება დაბალ სიმაღლეზე ან განედზე მდებარე მთის მყინვარები. ესენია ალპების, კავკასიისა და ჩრდილოეთ ამერიკის კლდოვანი მთების ყინულოვანი მასივები, ასევე ანდებისა და აფრიკის მთების ზოგიერთი რეგიონი. აქ მყინვარების ნახევარზე მეტი გაქრება მომდევნო ათიდან ოცი წლის განმავლობაში,“ - განაცხადა ETH-ის მკვლევარმა ლანდერ ფონ ტრიხტმა, რომლის სიტყვებსაც უნივერსიტეტის პრესსამსახური ციტირებს.

მკვლევრები ამ დასკვნამდე მივიდნენ მას შემდეგ, რაც შეისწავლეს, თუ როგორ შეიცვლება დაახლოებით 200 000 არსებული პოლარული და მთის მყინვარის მდგომარეობა მომდევნო ათწლეულებისა და საუკუნეების განმავლობაში ოთხი განსხვავებული კლიმატური სცენარის გათვალისწინებით.

ესენია როგორც ემისიების სრულ შეწყვეტა და ტემპერატურის სწრაფი სტაბილიზაცია მომდევნო ათწლეულების განმავლობაში, ასევე დათბობის დაჩქარება და ტემპერატურის 4 გრადუსი ცელსიუსით ან მეტით მატება საუკუნის ბოლოსთვის.

კლიმატოლოგები აღნიშნავენ, რომ ყველა ამ შემთხვევაში მყინვარები გააგრძელებენ ფართობის შემცირებას და დაჩქარებული ტემპით გაქრობას, რაც მათი რაოდენობის მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს. თუმცა, ამ შემცირების მასშტაბები მნიშვნელოვნად განსხვავდება, ისევე როგორც მყინვარების დაკარგვის ტემპი და ე.წ. „მყინვარების პიკური გადაშენების“ დრო. ეს არის კონკრეტული პერიოდი, რომელიც მეცნიერებმა განსაზღვრეს, როდესაც დედამიწაზე ყინულის მასების მაქსიმალური რაოდენობა გაქრება.

საუკეთესო სცენარში, მიმდინარე საუკუნის განმავლობაში გლობალური დათბობის 1.5 გრადუსი ცელსიუსით, ეს „მყინვარების გადაშენების პიკი“ 2041 წელს მოხდება. ამ სცენარის დროს დედამიწა ყოველწლიურად დაახლოებით 2000 ყინულის მასას დაკარგავს, რაც საუკუნის განმავლობაში არსებული 200 000 მთის ყინულის მასიდან დაახლოებით 100-ის გაქრობას გამოიწვევს. უარეს შემთხვევაში, ეს პიკი 2055 წელს გადაინაცვლებს (ყოველწლიურად დაახლოებით 4000 მყინვარის გაქრობით), რის შედეგადაც საუკუნის ბოლოსთვის უდიდესი და ყველაზე ცივი მასივების მხოლოდ 18 000 დარჩება.

შედეგად, ცენტრალურ ევროპაში არსებული 3600 ალპური მყინვარიდან მხოლოდ ორი ათეული დარჩება, ამერიკის კლდოვანი მთები დაკარგავენ ყინულის მასის 99%-ს, ხოლო ცენტრალური აზიისა და ანდების მთის ქედები, შესაბამისად, დაკარგავენ მყინვარების 96%-ს და 94%-ს, რაც მკვეთრად აისახება ადგილობრივ ეკოსისტემებსა და მტკნარი წყლის ხელმისაწვდომობაზე. მეცნიერების დასკვნით, ეს ხაზს უსვამს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლის უფრო პროაქტიული ქმედებების საჭიროებას.

წყარო: tass