მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლომ განიხილა პროკურატურის სარჩელი კომპანია "როსნანოს" საქმეზე და დააყადაღა სახელმწიფო კორპორაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ანატოლი ჩუბაისისა და კიდევ შვიდი ადამიანის, კუთვნილი 5,6 მილიარდი რუბლის ოდენობის ქონება და სახსრები.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ცნობით, ჩუბაისის გარდა, მოპასუხეთა შორის არიან "როსნანოს" ყოფილი ტოპმენეჯერები იური უდალცოვი, ბორის პოდოლსკი, ოლეგ კისელიოვი, გერმან პიჰოია და სხვები.

როგორც კორპორაციის სპეციალური დავალებების დირექტორმა ევგენი ფროლოვმა განმარტა, პრეტენზიები დაკავშირებულია 2009 წელს დაწყებულ Plastic Logic-ის პროექტთან, რომელიც რუსეთში ე.წ. მოქნილი პლანშეტების წარმოების შექმნას გულისხმობდა.

ფროლოვის თქმით, პროექტმა ვერ მიაღწია დასახულ მიზნებს. 2012 წელს რუსეთში ქარხნის გაშვება შეწყდა და ყველა ინვესტიცია გადამისამართდა უცხოურ იურისდიქციებზე.

"ინვესტიციების დადებითი ეფექტების არარსებობისა და მათი შეუქცევადობის მიუხედავად", პროექტის დაფინანსება გაგრძელდა 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, - განუცხადა ფროლოვმა სააგენტო "ტასს".

ჩუბაისი ხელმძღვანელობდა "როსნანოს" 2008 წლიდან 2020 წლამდე. 2011 წელს მან შესთავაზა ვლადიმირ პუტინს, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ირლანდიურ კომპანია Plastic Logic-თან ერთობლივი მოქნილი პლანშეტების წარმოება. "როსნანოში" აცხადებდნენ, რომ მოწყობილობას შეეძლო სასწავლო სახელმძღვანელოების შეცვლა ყველა დისციპლინაში.

პროექტის რეალიზება ვერ განხორციელდა. ირლანდიურ კომპანიისგან შესაბამისი ტექნოლოგია არ შეიძინეს და ზელენოგრადის ქარხანა არასდროს აშენებულა. გასულ ზაფხულს მოსკოვში სასამართლომ გაფლანგვის ბრალდებით რუსული კომპანია Plastic Logic-ის ხელმძღვანელი ბორის გალკინი დააკავა. FSB-ის თანახმად, კომპანიამ რუსული პლანშეტების შექმნის დროს 13 მილიარდ რუბლზე მეტი თანხა გაფლანგა.

ჩუბაისმა რუსეთი დატოვა 2022 წელს, უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან მალევე. ბოლო ინფორმაციით, რაც პუტინმაც დაადასტურა, ის ისრაელში ცხოვრობს,

სწორედ ანატოლი ჩუბაისის სახელთან არის დაკავშირებული პუტინის პოლიტიკური კარიერის აღზევება 1990-იან წლებში. ამტკიცებენ, რომ ჩუბაისმა მოაწყო რუსეთის მომავალი პრეზიდენტი ბორის ელცინის ადმინისტრაციაში. მალე პუტინი გახდა რუსეთის უშიშროების სამსახურის (FSB) დირექტორი და რუსეთის პრეზიდენტის მემკვიდრე.

წყარო: "რადიო თავისუფლება"