შავ ზღვაში, გასულ კვირასთან შედარებით, სატვირთო გემების რაოდენობა, რომელთაც შესაძლოა მარცვლეულის გადასაზიდად იყენებდნენ, მკვეთრად - ერთი მესამედით შემცირდა. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს.
Shipfix-ის პლატფორმის მიხედვით, ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში მხოლოდ 20 სატვირთო გემია ხელმისაწვდომი ჩარტერისთვის, გასულ კვირას კი 32 იყო.
გამოცემა ამ ყველაფერს რუსეთის განცხადებას უკავშირებს რომლის მიხედვითაც, 20 ივლისიდან ის ქვეყნები, რომელთა გემებიც უკრაინის პორტებში შედიან, „კონფლიქტში ჩართულებად“ მიიჩნევა. მსგავსი განცხადება გააკეთა უკრაინამაც. რის შემდეგაც, 20 ივლისიდან რუსეთიც და უკრაინაც უკრაინის პორტებში შემავალ გემებს პოტენციურად სამხედრო ტვირთის გადამზიდავებად განიხილავს.
Reuters-ი წერს, რომ ბევრმა კომპანიამ შეწყვიტა ტრანსპორტის დაზღვევა უკრაინის პორტებში, გარდა დუნაის პორტებისა.
ამავდროულად, რუსეთის შავი ზღვის პორტებში საქონლის საზღვაო მიწოდების დაზღვევის ტარიფები (რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ უკრაინის პორტები უკრაინის მიერ ოფიციალურად დახურულია) ჯერ არ შეცვლილა.
სააგენტო იმასაც წერს, რომ მზღვეველები კონტრაქტებში წერენ რამდენიმე ათასი დოლარის ოდენობით ფიქსირებულ თანხას იმ გემისთვის, რომლებიც შავ ზღვაში შედიან და, სავარაუდოდ, ეს თანხა კიდევ გაიზრდება.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 17 ივლისს რუსეთმა გამოაცხადა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ. იმავე დღეს ზელენსკიმ გაეროს და თურქეთს მოუწოდა გააგრძელონ დერეფნის მუშაობა რუსეთის გარეშე. ამის შემდეგ, რუსეთი ზედიზედ ორი ღამე ჰაერიდან მასიურად ბომბავდა ოდესას, რამაც სერიოზული ზიანი მიაყენა დერეფანში მომუშავე ოდესისა და ჩორნომორსკის პორტებს, რის შემდეგადაც ჩორნომორსკის პორტში ჩინეთისთვის განკუთვნილი 60 000 ტონა მარცვლეული გაანადგურა.