მოლდოვის პარლამენტმა ქვეყანაში 60 დღით ენერგეტიკის სექტორში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი, გადაწყვეტილება ძალაში 16 დეკემბრიდან შევა.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ეროვნული საგანგებო მდგომარეობის დაწესება პარლამენტმა მას შედეგ გადაწყვიტა, რაც რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტის საფრთხის შესახებ გახდა ცნობილი.

საგანგებოდ მდგომარეობის გამოცხადება, მთავრობას საშუალებას აძლევს სწრაფად მოახდინოს რეაგირება და შეზღუდოს ენერგიის ექსპორტი.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას 101 დეპუტატიდან 56-მა დაუჭირა მხარი

როგორც მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა, ეს იყო კენჭისყრა მოსკოვის მხრიდან გაზით შანტაჟის დასასრულებლად.

„რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, დნესტრისპირეთის მოსახლეობა გაზისა და ელექტროენერგიის გარეშე დატოვოს და მძევლად აიყვანოს ისინი. მოსკოვი ამას აკეთებს მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის“, – განაცხადა დორინ რეჩანმა.

მოლდოვის მთავრობის მეთაურის განცხადებით, თვითგამოცხადებული დნესტრისპირეთისთვის გაზის მიუწოდებლობა გამოიწვევს ჰუმანიტარულ კრიზისს და ასევე, შექმნის რისკებს მოლდოვის ელექტროენერგეტიკული სექტორის სტაბილურობისთვის.

მოლდოვა წელიწადში დაახლოებით, ორ მილიარდ კუბურ მეტრ გაზს რუსეთიდან იღებს. 2022 წლიდან მთელი რუსული აირი დნესტრისპირეთს მიეწოდება, სადაც ის გამოიყენება ელექტროენერგიის გენერაციისთვის, ხოლო დარჩენილი ნაწილი – საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებებისთვის.

1tv.ge