რუსეთისთვის კრიტიკული ტექნოლოგიების მიწოდების თვალსაზრისით ინდოეთი მეორე ადგილზეა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ს აშშ-სა და ევროკავშირის ოფიციალური პირები აწვდიან. ინდოეთს მხოლოდ ჩინეთი უსწრებს.

რუსეთში ინდური ექსპორტის მოცულობამ ისეთი აკრძალული ნივთებისა, როგორებიცაა მიკროჩიპები, ელექტრული წრედებისა და სხვადასხვა დანადგარების ხელსაწყოები, მხოლოდ აპრილსა და მაისში 60 მილიონი დოლარი შეადგინა, ივლისში კი ნიშნულმა 95 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

წყაროების ცნობით, ბოლო მონაცემებით, სენსიტიური ტექნოლოგიების თითქმის მეხუთედი რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსში ინდოეთის გავლით შედის.

როგორც Bloomberg-ი წერს, აღნიშნული მონაცემთა ბაზა ხაზს უსვამს სირთულეებს, რომლებსაც აშშ და მისი მოკავშირეები აწყდებიან რუსეთისთვის ომის წარმოების შესაძლებლობის შეზღუდვის გზაზე.

ე.წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქციის რუსეთისთვის გადაცემა აკრძალულია, თუმცა რუსეთმა მსგავსი პროდუქციის შესყიდვა ე.წ. მესამე სამყაროს ქვეყნებიდან დაიწყო, მათ შორის, ზოგიერთი ისეთი სუბიექტისგან, რომელიც დასავლური კომპანიების, როგორც Bloomberg-ი წერს, "უნებლიე" შვილობილი კომპანიაა.

აშშ-მ და ევროკავშირმა მოამზადა ტექნოლოგიების ჩამონათვალი, რომელშიც რუსულ იარაღში ნაპოვნი ყველა ის ტექნოლოგიაა აღნიშნული, რომელიც მათ შესაქმნელადაა აუცილებელი.

აშშ-მ ივლისში ინდოეთი გააფრთხილა, რომ იმ ინდურ კომპანიებსა და ბანკებს, რომლებსაც რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ ბაზასთან აქვთ კავშირის, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტი სანქციებს დაუწესებს. 

წყარო: ტაბულა