2024 წელი „შესანიშნავი შვიდეულის“ სახელით ცნობილი უმსხვილესი კომპანიებისთვის საფონდო ბირჟებზე მეტად წარმატებული გამოდგა. შვიდიდან ექვსმა აქციამ საფონდო ბირჟებზე S&P 500-ზე უკეთესი შედეგი დააფიქსირა. Nvidia-ს, Meta-ს, Tesla-ს, Amazon-ის, Alphabet-ისა და Apple-ის აქციათა ფასები 500 ყველაზე მსხვილი ამერიკული კომპანიის ფონდზე მეტად გაიზარდა. S&P 500-ის ზრდამ 2024 წელს 23.3% შეადგინა.

დიდი შვიდეულიდან აღნიშნულ მაჩვენებელს მხოლოდ Microsoft-ი ჩამორჩა. ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის აქციათა ფასი გასულ წელს მხოლოდ 12.1%-ით გაიზარდა, რაც თავისთავად ცუდი მაჩვენებელი არ არის, თუმცა შვიდეულის დანარჩენი წევრების ზრდასთან შედარებით ჩამორჩენა დიდია.

გასული წელი განსაკუთრებით წარმატებული ნახევარგამტარების უმსხვილესი მწარმოებლის, Nvidia-სთვის გამოდგა. კომპანიის აქციათა ფასი 2024 წელს 171.2%-ით გაიზარდა, რაც მეტწილად ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე მოთხოვნის ზრდამ განაპირობა. გასული წლის განმავლობაში Nvidia მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია რამდენჯერმე გახდა. აღნიშნულ რბოლაში Nvidia ტიტულისთვის Apple-ს ებრძვის.

ამჟამად საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს უმსხვილესი კომპანია სწორედ iPhone-ის მწარმოებელი Apple-ია. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია $3.6 ტრილიონს შეადგენს. Apple-ის აქციათა ფასი გასული წლის განმავლობაში 30.1%-ით გაიზარდა.

65.4%-იანი ზრდა დააფიქსირა პოპულარული სოცმედიაპლატფორმების, Facebook-ის, Instagram-ისა და Threads-ის მფლობელმა Meta-მ. ავტომობილების უმსხვილესი მწარმოებელი Tesla-ს აქციათა ფასები კი 62.5%-ით გაიზარდა. აღნიშნულში დიდი წვლილი აშშ-ის ახალ მთავრობაში კომპანიის თანამფლობელი და აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ამბავმაც შეიტანა.

44.4%-ით გაიზარდა ელექტრონული კომერციის კომპანია Amazon-ის, 35.1%-ით კი Google-ის მფლობელი Alphabet-ის აქციათა ფასები.

forbes.ge