მკვლევრებმა ფრედერიკ ვარონმა, კრისტინ როტმაირმა და ერიკ მონპეტიმ გამოყვეს სუროგაციის სამი სახის პოლიტიკა - ამკრძალავი, შუალედური და დასაშვები. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გერმანიაში სუროგაცია აკრძალულია ემბრიონის დაცვის და შვილად აყვანის მედიაციის აქტით. მკვლევარი იზაბელ ენგელი თვლის, რომ გერმანიაში ნეგატიური დამოკიდებულება ინოვაციური რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართ განვითარდა მესამე რაიხის ბიოტექნოლოგიით გატაცებით და მისი შედეგებით კაცობრიობის მიმართ. გარდა ამისა, მას ზოგიერთი ქალთა მოძრაობა ეწინააღმდეგება, ისინი მასში მეცნიერული და პატრიარქალური ძალადობის ნიშნებს ხედავენ.

შვეიცარიაში სუროგაციის პოლიტიკის შემუშავება 1990-იან წლებში დონეზე დაიწყო, ჯერ შემაკავებელი ზომები მიიღეს, მოგვიანებით ფედერალურ დონზე დარეგულირდა. დღეს სუროგატი დედობის პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის გამო ექიმებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ბავშვს კი სუროგატ დედასთან ტოვებენ.

ნიდერლანდებში სუროგაცია დაშვებულია იმ პირობით, თუ ის ალტრუისტულია, ანუ ქალი სუროგატობაში ფულს ვერ აიღებს, მხოლოდ ორსულობის დანახარჯები აუნაზღაურდება. სუროგაციის შემთხვევების კვლევამ, რომელიც 1997-დან 2004 წლამდე ჩატარდა, დაადგინა, რომ არაკომერციული სუროგაცია წარმატებული იყო ორსულობის შედეგისა და  ფსიქოლოგიური შედეგების თვალსაზრისით  ორივე მხარისთვის.

მკვლევრები შეერთებულ შტატებსა და ბელგიას უწოდებენ ქვეყნებს, რომლებსაც ყველაზე თავისუფალი პოლიტიკა აქვთ რეპროდუქციული ტექნოლოგიების მიმართ

ბელგიაში არც ერთი კანონი არ არეგულირებს სუროგაციას: ფაქტობრივად, ამ ტიპის  ხელშეკრულებას იურიდიული ძალა არ აქვს, ხელშეკრულებებს კლინიკები ახორციელებენ. ზოგ შემთხვევაში პირობებსაც უყენებენ, მაგალითად, ურჩევნიათ, სუროგატი დედები კლიენტების ნათესავები იყვნენ.

შეერთებულ შტატებში სუროგაციის ეროვნული კანონმდებლობის სიმწირე შეიძლება აშშ-ს ფედერალური სისტემით აიხსნას, რომელიც ცალკეულ უფლებამოსილებებს შტატებს ანიჭებს, მათ შორის საოჯახო სამართალში. 1980-იან წლებში ფედერალურ დონეზე სუროგაციის დარეგულირების მხოლოდ ერთი მცდელობა იყო, მაგრამ კანონპროექტმა საკმარისი მხარდაჭერა არ მიიღო. შედეგად, შეერთებული შტატები აღმოჩნდა ერთადერთი ქვეყანა, რომლის მცხოვრებლებიც სუროგატ-ტურიზმს ახორციელებენ და სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტები ამ მიზნით ჩადიან.

ბოლო დრომდე ინდოეთი სუროგატული ტურიზმისთვის ყველაზე პოპულარული ქვეყანა იყო. იქ 2002 წელს მიიღეს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების კლინიკების აკრედიტაციის, ზედამხედველობისა და რეგულირების ეროვნული გაიდლაინები. ინდოეთში კომერციული სუროგაცია დაკანონდა, როგორც ქვეყნის ძალისხმევის ნაწილი სამედიცინო ტურიზმის განვითარებისთვის. ამ ინდუსტრიით ქვეყანამ წელიწადში დაახლოებით $400 მილიონი მოგება ნახა. მიუხედავად ამისა, სუროგაცია პრაქტიკულად დაურეგულირებელი იყო, რაც ამ პროცესს მარტივს და იაფს ხდიდა, ხოლო დასავლეთის ქვეყნებში მას ბიუროკრატიული სირთულეები და მაღალი ხარჯები ახლავს. მომსახურების სრული პაკეტი, კვერცხუჯრედის განაყოფიერებიდან საავადმყოფოში მშობიარობამდე, ინდოეთში 10,000-დან 28,000 დოლარამდე ღირდა, რაც ბრიტანეთში პროცედურის ფასის დაახლოებით მესამედია და აშშ-ში ფასის მეხუთედი. 2022 წელს ძალაში შევიდა კანონი, რომელიც მხოლოდ ალტრუისტულ სუროგაციას უშვებს.